ინდოეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, პაკისტანმა ხუთი ინდური საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. თავდასხმებზე, რომლებსაც სამოქალაქო პირები ემსხვერპლნენ, გაერომ თავშეკავებისკენ მოუწოდა, ტრამპმა კი ვითარება „სამარცხვინოდ“ შეაფასა.
ინდოეთმა პაკისტანზე ექვს სხვადასხვა წერტილში თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი მოკლა და 35 დააშავა. პაკისტანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პაკისტანის საჰაერო ძალებმა ამ "მშიშრულ და სამარცხვინო" თავდასხმის საპასუხოდ ხუთი ინდური საბრძოლო თვითმფრინავი და რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
პაკისტანელმა გენერალ-ლეიტენანტმა აჰმედ შერიფ ჩაუდრიმ ოთხშაბათს, გამთენიისას, რავალპინდიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ინდოეთის არმიამ, სხვადასხვა იარაღის გამოყენებით, ექვსი ადგილი ამოიღო მიზანში და 24 ზუსტი გასროლა განახორციელა“. აღინიშნა, რომ სამიზნეებს შორის იყო მეჩეთიც, და თავდასხმები პაკისტანსა და პაკისტანის კონტროლირებად ქაშმირის რეგიონში განხორციელდა.
ინდოეთის სარაკეტო თავდასხმების შემდეგ პაკისტანის პენჯაბის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქალაქ ბაჰავალპურში მეჩეთზე მოხვედრილმა ერთ-ერთმა რაკეტამ ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, ხოლო ერთი ქალი და ერთი მამაკაცი დაიჭრნენ.
პაკისტანის არმიამ და პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადეს, რომ ინდოეთის სარაკეტო თავდასხმების საპასუხოდ ისლამაბადის საპასუხო ზომები გრძელდება და რომ ისლამაბადს აქვს უფლება, უპასუხოს "ნიუ დელის მიერ თავსმოხვეულ ამ საომარ მოქმედებას". პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, სარაკეტო თავდასხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში განაცხადა, რომ პაკისტანის საჰაერო ძალებმა ხუთი ინდური საბრძოლო თვითმფრინავი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
ინდოეთმა განაცხადა, რომ „სინდურის ოპერაციის“ ფარგლებში პაკისტანსა და პაკისტანის კონტროლირებად ქაშმირში ცხრა წერტილზე ოპერაცია ჩაატარა, თუმცა ამ რეგიონებში სამხედრო ობიექტები არ იყო განთავსებული. გავრცელებულ განცხადებაში ნიუ დელის ადმინისტრაციამ აღნიშნა: „ჩვენი ქმედებები იყო მიზანმიმართული, ზომიერი და არაესკალაციური ხასიათის. ინდოეთმა სამიზნეებისა და განხორციელების მეთოდების შერჩევისას მნიშვნელოვანი თავშეკავება გამოიჩინა“.
ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ პაკისტანის მიერ ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში „საზღვრისპირა ცეცხლის გახსნის“ შედეგად სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ისლამაბადს კი ინდოეთის ამ ბრალდებებზე პასუხი არ გაუცია.
პაკისტანის კონტროლირებადი ქაშმირის დედაქალაქ მუზაფარაბადში მცხოვრებმა აბდულ სამადმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგონა და ზოგიერთი ადამიანი დაშავდა. დაფიქსირდა, რომ მოსახლეობა ქალაქში პანიკამ მოიცვა და აქეთ-იქით დარბოდა, ხოლო ოფიციალურმა პირებმა სწრაფად შეწყვიტეს ელექტროენერგიის მიწოდება.
პაკისტანის მიერ ადმინისტრირებული ქაშმირის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვაკარ ნურმა, დაადასტურა, რომ ინდოეთის თავდასხმისას სულ მცირე ერთი ბავშვი დაიღუპა, და აღნიშნა, რომ რამდენიმე რაკეტა ორ სხვადასხვა წერტილს მოხვდა და სამიზნე სამოქალაქო მოსახლეობა იყო. მისივე თქმით, რეგიონის საავადმყოფოებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ტრამპისა და გაეროს რეაქცია
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდოეთის თავდასხმები „უპროვოკაციო, ომის ღია აქტად“ შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთმა პაკისტანის სუვერენიტეტი დისტანციური მოქმედების იარაღის გამოყენებით დაარღვია. პაკისტანის თავდაცვის მინისტრმა, ხავაჯა მუჰამედ ასიფმა, განაცხადა, რომ ინდოეთმა რაკეტები საკუთარი საჰაერო სივრციდან გაუშვა და ნიუ დელის მტკიცება, თითქოს "ტერორისტული ბანაკები ამოიღო მიზანში", მცდარია.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაკისტანზე ინდოეთის თავდასხმებზე რეაგირებისას განაცხადა: „ეს სირცხვილია. ოვალურ კაბინეტში შესვლისას ახლახან გავიგეთ. ახლახან შევიტყვეთ“. მან დაამატა: "ვფიქრობ, წარსულს თუ გადავხედავთ, ხალხი ვარაუდობდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ისინი დიდი ხანია ომობენ. სინამდვილეში, საუკუნეებია ომობენ. იმედი მაქვს, ძალიან სწრაფად დასრულდება".
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ვითარებით „ძალიან შეშფოთებულია“, ხოლო გუტერეშის პრესსპიკერმა სტეფან დიუჟარიკმა თქვა: „გენერალური მდივანი ძალიან შეშფოთებულია კონტროლის ხაზისა და საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ ინდოეთის სამხედრო ოპერაციებით. მან ორივე ქვეყანას მაქსიმალური სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდა. მსოფლიო ვერ დაუშვებს ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო კონფლიქტს“.
ინდოეთის თავდასხმებამდე, აშშ-მა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის, მიერ საზღვრისპირა წყლის ნაკადის შეწყვეტის მუქარის შემდეგ, ინდოეთსა და პაკისტანს სიმშვიდისკენ მოუწოდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტემი ბრიუსმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩვენ მოვუწოდებთ ინდოეთსა და პაკისტანს, იმუშაონ პასუხისმგებლიან გადაწყვეტაზე, რომელიც სამხრეთ აზიაში გრძელვადიან მშვიდობასა და რეგიონულ სტაბილურობას უზრუნველყოფს“.