ლიბანის დრუზების საზოგადოების სულიერმა ლიდერმა მოუწოდა სასწრაფოდ მოხდეს არაბული და თურქული შუამავლობა, რათა დასრულდეს მზარდი ძალადობა სირიის სამხრეთით მდებარე სუვეიდას პროვინციაში და თავიდან აიცილონ ქვეყნის შემდგომი დაყოფა.
სააგენტო „ანადოლუ“-სთან საუბარში აბილ-მონამ ხაზი გაუსვა, რომ სისხლისღვრის შეჩერების ერთადერთი გზა არის სირიის ხელმძღვანელობით მიმდინარე ინკლუზიური დიალოგი.
”დიალოგი არის ერთადერთი რეალისტური გზა, რათა თავიდან იქნას აცილებული მეტი სისხლისღვრა და დაყოფა სუვეიდაში და მთლიანად სირიაში", - თქვა აბილ-მონამ და აღნიშნა, რომ ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები რეგიონული ძალების მტკიცე მხარდაჭერის გარეშე მყიფე დარჩება.
"სუვეიდაში მიღწეული ბოლო შეთანხმება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო", - თქვა მან და დასძინა, "მაგრამ მის განსახორციელებლად საჭიროა არაბული და თურქული გარანტიები, რადგან სახელმწიფოსა და ადგილობრივ ჯგუფებს შორის ღრმა უნდობლობა არსებობს".
13 ივნისს ბედუინ არაბულ ტომებსა და შეიარაღებულ დრუზების ჯგუფებს შორის დაწყებული შეტაკებები გამწვავდა მას შემდეგ, რაც დრუზმა მებრძოლებმა რეჟიმის ძალებს შეუტიეს, რასაც ისრაელის საჰაერო თავდასხმები მოჰყვა სირიის არმიაზე.
ხანმოკლე ზავის ჩაშლის შემდეგ, აბილ-მონამ თქვა, რომ ისრაელი სარგებლობს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვაკუუმით: ”ისრაელი არის სუვეიდაში არსებული ვითარების უდიდესი გამარჯვებული. ის სარგებლობს ვაკუუმით და ცდილობს გაყოს თემები და აიძულოს ისინი ეძიონ გარე დაცვა."
აბილ-მონამ გამოთქვა შეშფოთება რელიგიური დაძაბულობის ლიბანში გავრცელების შესახებ: "არის მცდელობები, ეს შუღლი ლიბანში გადმოიტანონ. ამან შესაძლოა დაარღვიოს ქვეყნის შიგნით არსებული მყიფე ბალანსი."
მან აღნიშნა, რომ ისინი კონტაქტში არიან სხვა რელიგიურ ორგანოებთან, მათ შორის დარ-ულ-ფეტვასთან, და თქვა, რომ ისინი ერთობლივად ეწინააღმდეგებიან გამყოფ განცხადებებს.
აბილ-მონამ განაცხადა, რომ სუვეიდაში მიღწეული ბოლო შეთანხმება დადებითი ნაბიჯია, მაგრამ მისი ხანგრძლივობისთვის არაბული და თურქული გარანტიებია საჭირო და დასძინა: "ახალ სირიის სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ დაუმყარებია რეალური კავშირი თავის ხალხთან".
აბილ-მონამ აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს პოლიტიკური პროცესის გააქტიურებასა და ინკლუზიური დიალოგების წამოწყებაში და თქვა: "სუვეიდაში მიმდინარე კონფლიქტები ქვეყანას დაშლისკენ უბიძგებს, მაგრამ სირიელი დრუზების სულიერ ლიდერებს ერთი სამშობლო და ერთი ხალხი სურთ".