აშშ-ის გეოლოგიური კვლევის ცენტრმა (USGS) მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრის შესახებ განაცხადა. აღინიშნა, რომ ბიძგები ჩინეთსა და ტაილანდშიც იგრძნობოდა.
USGS-ის თანახმად, მიწისძვრა ქალაქ საგაინგის 16 კილომეტრის (10 მილის) ჩრდილო-დასავლეთით და 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
ბანგკოკში მეტროსა და მსუბუქი სარკინიგზო სისტემის ზოგიერთი სერვისი შეჩერდა.
მიანმარში მყოფი ჟურნალისტები იტყობინებიან, რომ ბიძგების ზემოქმედების შედეგად გზები გასკდა და შენობებიდან ნაწილები ჩამოცვივდა.
ბიძგები ტაილანდის ჩრდილოეთიდან დედაქალაქ ბანგკოკამდე იგრძნობოდა. ბანგკოკში შენობები ირყეოდა, ქალაქის მაცხოვრებლები კი ქუჩებში გაიქცნენ.
ცნობილ ტურისტულ ქალაქ ჩიანგ მაიში მცხოვრებმა მოქალაქემ, სახელად დუანგჯაიმ, ჟურნალისტებს განუცხადა: „ბიძგების ხმა გავიგე, სახლში მეძინა. პიჟამოებით გამოვვარდი და შენობას მაქსიმალურად გავეცალე.“
ბიძგები ასევე იგრძნობოდა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე იუნანის პროვინციაში. პეკინის მიწისძვრის სააგენტოს მონაცემებით, ამ ბიძგების სიმძლავრემ 7.9 მაგნიტუდა შეადგინა.