გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, „სასწრაფო, კონკრეტული და შეუქცევადი ნაბიჯები“ გადადგას ორ სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის მისაღწევად და გააფრთხილა, რომ ღაზაში გაუარესებული ვითარება პალესტინელებს კიდევ უფრო დიდ უიმედობაში აგდებს და უფრო ფართო მასშტაბის არასტაბილურობის რისკს ქმნის.
„მოდით, ნათლად ვთქვათ: პალესტინელებისთვის სახელმწიფოებრიობა ჯილდო კი არა, უფლებაა. ამ უფლების უარყოფა საჩუქარი იქნება მსოფლიოს ყველა ექსტრემისტისთვის,“ - განაცხადა გუტერეშმა ორშაბათს, პალესტინის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტისადმი მიძღვნილი გაეროს მაღალი დონის კონფერენციის გახსნაზე.
„დრო იწურება. ნდობა დღითიდღე მცირდება. ინსტიტუტები სუსტდება და იმედები ქრება,“ - აღნიშნა გუტერეშმა და ღაზაში გაღრმავებული კრიზისი დაგმო, განაცხადა რა, რომ რეგიონი „კატასტროფების ჯაჭვშია ჩათრეული.“
„მივესალმები ბოლო ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია სიცოცხლისთვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების შეზღუდვების შემცირებისკენ. თუმცა, ეს შორს არის საკმარისი გადაწყვეტისგან ამ კოშმარის დასასრულებლად,“ - თქვა მან.
„ის, რაც ჩვენ გვჭირდება, არის: დაუყოვნებლივი და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტა; ყველა მძევლის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება; სრული და შეუფერხებელი ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა. ესენი არ არის მშვიდობის წინაპირობები, არამედ მშვიდობის საფუძველია.“
გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია.
„ისრაელის მიერ ოკუპირებული პალესტინის ტერიტორიების, მათ შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის, მუდმივი ოკუპაცია უკანონოა. ის უნდა დასრულდეს. ამას კანონი მოითხოვს,“ - განაცხადა გუტერეშმა და დაამატა: „ოკუპაციის პირობებში უსაფრთხოება არ არსებობს.“
დიპლომატიის კოლაფსი და მოქმედებისკენ მოწოდება
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა გააკრიტიკა საერთაშორისო დიპლომატიის წარუმატებლობა კონფლიქტის მოგვარებაში და გააფრთხილა, რომ ცარიელი განცხადებები უშედეგოა ადგილზე არსებული რეალობის შესაცვლელად.
„ათწლეულების განმავლობაში ახლო აღმოსავლეთის დიპლომატია მშვიდობაზე მეტად პროცესზე იყო ორიენტირებული. სიტყვებს, გამოსვლებს, განცხადებებს ადგილზე მყოფი ადამიანებისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რადგან მათ ეს ადრეც უნახავთ, ადრეც სმენიათ. ამასობაში ნგრევა და ანექსია შეუჩერებლად გრძელდება.“
გუტერეშმა ყურადღება გაამახვილა ერთი სახელმწიფოს რეალობის საფრთხეებზე, სადაც პალესტინელები მოკლებულნი არიან ძირითად უფლებებს და მუდმივი გადასახლების წინაშე დგანან.
„ერთი სახელმწიფოს რეალობა, სადაც პალესტინელები თანაბარი უფლებების გარეშე არიან, მუდმივი ოკუპაციისა და უთანასწორობის პირობებში ცხოვრობენ, არც მშვიდობაა, არც სამართლიანობა და არც საერთაშორისო სამართალთან თავსებადი,“ - თქვა მან.
ორ სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა „ახლო აღმოსავლეთის მშვიდობისთვის ცენტრალურ საკითხად“ დაასახელა და ისრაელს მოუწოდა, „ნათლად და მკაფიოდ დაუბრუნდეს ორ სახელმწიფოს გადაწყვეტას და შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც ამ გადაწყვეტას ძირს უთხრის.“
„ეს კონფლიქტი სამართავი არ არის; ის უნდა გადაიჭრას. ჩვენ არ შეგვიძლია დაველოდოთ სრულყოფილი პირობების შექმნას; ისინი თავად უნდა შევქმნათ. ჩვენ არ შეგვიძლია გადავდოთ სამშვიდობო ძალისხმევა, სანამ ტანჯვა გაუსაძლისი გახდება. უნდა ვიმოქმედოთ, სანამ ძალიან გვიან არ არის,“ - განაცხადა მან.