რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მარჩელ ჩოლაკუმ ორშაბათს თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ, რაც კვირის ბოლოს ხელახლა ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატმა ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა, ხოლო მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ბრძოლას გამოეთიშა.
დროებითი პრეზიდენტის, ილიე ბოლოჟანის ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლოჟანმა ჩოლაკუს გადადგომა მიიღო და სამშაბათს დროებითი პრემიერ-მინისტრი დაინიშნება.
ადგილობრივი მაუწყებლის Antena3-ის ცნობით, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (PSD) პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, ჩოლაკუმ, რომელიც პარტიის თავმჯდომარეც არის, განაცხადა, რომ გადადგომის გადაწყვეტილება კოალიციური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, კრინ ანტონესკუს, დამარცხების გამო მიიღო.
მისი თქმით, შედეგებმა აჩვენა, რომ მთავრობამ სანდოობა დაკარგა. „გადავწყვიტე თავად გადავდგე, ნაცვლად იმისა, რომ დავლოდებოდი მომავალი პრეზიდენტის მიერ ჩემს თანამდებობიდან გათავისუფლებას“, - განაცხადა ჩოლაკუმ.
მან ასევე განაცხადა, რომ PSD 18 მაისს დაგეგმილი არჩევნების მეორე ტურისთვის კანდიდატს არ წარადგენს.
სიმიონმა პირველ ტურში ხმების 40.9%-ზე მეტი მიიღო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. 38 წლის სიმიონი ცნობილია თავისი საკამათო განცხადებებით, რომლებიც მის ულტრანაციონალისტურ და ანტიევროპულ შეხედულებებს ასახავს.
სიმიონი 18 მაისს ბუქარესტის ცენტრისტ მერს, ნიკუშორ დანს დაუპირისპირდება, რომელმაც არჩევნებში ხმების დაახლოებით 21% მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.
24 ნოემბერს რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ულტრამემარჯვენე და პრორუსმა კანდიდატმა კალინ ჯორჯესკუმ მოიგო. თუმცა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები და 8 დეკემბერს დაგეგმილი მეორე ტური გააუქმა, დაადგინა რა, რომ საარჩევნო პროცესში ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი კამპანიის მეშვეობით მანიპულირება მოხდა.