პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის თავდაცვის მრეწველობაში მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტის შესახებ განაცხადა, რომ ქვეყნის ადგილობრივი წარმოების 48 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი KAAN-ი ინდონეზიას მიეყიდება.
სოციალური ქსელის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ერდოღანმა ეს მოვლენა „ძალიან მნიშვნელოვან და სასიხარულო მოვლენად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ თვითმფრინავები თურქეთში, ინდონეზიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დამზადდება.
ხელშეკრულება ასევე წარმოების პროცესში ინდონეზიის ადგილობრივი შესაძლებლობების ჩართვასაც ითვალისწინებს.
„ვიმედოვნებ, ეს შეთანხმება, რომელიც თვალნათლივ წარმოაჩენს ჩვენი ადგილობრივი და ეროვნული თავდაცვის მრეწველობის განვითარებასა და მიღწეულ დონეს, სასიკეთო იქნება თურქეთისა და ინდონეზიისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.
„სარეკორდო საექსპორტო ხელშეკრულება“
ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა ინდონეზიის პრეზიდენტს, პრაბოვო სუბიანტოს, რომელმაც შეთანხმების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
მან მიულოცა თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს, თურქეთის საავიაციო და კოსმოსურ მრეწველობას (TUSAŞ) და ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას თურქეთის ისტორიაში ამ „სარეკორდო საექსპორტო ხელშეკრულების“ გაფორმება.
ერდოღანმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობა სექტორის მხარდაჭერას გააგრძელებს, დასძინა: „წარმატებების გაგრძელებას ვუსურვებ ყველა ჩვენს კომპანიას, რომლებსაც ჩვენი თავდაცვის მრეწველობის გასაძლიერებლად ყოველთვის ვუჭერდით და მომავალშიც მტკიცედ დავუჭერთ მხარს. მადლიერებას გამოვხატავ თავდაცვის მრეწველობაში დასაქმებული ყველა ჩემი ძმის მიმართ“.
საბრძოლო თვითმფრინავი KAAN-ი, რომელიც მეხუთე თაობის თვითმფრინავად კლასიფიცირდება, რადარისთვის რთულად შესამჩნევი მოწინავე მახასიათებლებით გამოირჩევა და აღჭურვილია ორმაგი ძრავით, რომელთაგან თითოეულის გაწევის ძალა 13,000 კილოგრამს შეადგენს. ამ მახასიათებლების წყალობით, თვითმფრინავს შეუძლია 1.8 მახის სიჩქარეს მიაღწიოს.
TUSAŞ-ი ასევე მუშაობს მეექვსე თაობის მოდელზე, რომელშიც ინტეგრირებული იქნება ხელოვნური ინტელექტი, მოწინავე სენსორული სისტემები და უპილოტო საფრენ აპარატებთან ერთობლივი მოქმედების შესაძლებლობა.