ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, Fox News-ის არხისთვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა, რომ ირანში რეჟიმის ცვლილება „ნამდვილად შეიძლება გახდეს“ ისრაელის მიმდინარე სამხედრო ოპერაციების „შედეგი“.
კვირას, გადაცემა Special Report-ში Fox-ის წამყვანმა, ბრეტ ბაიერმა, ნეთანიაჰუს პარასკევს დილით ადრე დაწყებული თავდასხმების მიზნის შესახებ ჰკითხა.
ბაიერის კითხვაზე: „ამ ძალისხმევის ფარგლებში, მიზნად ისახავთ თუ არა რეჟიმის ცვლილებას?“, ნეთანიაჰუმ შემდეგი პასუხი გასცა:
„ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ირანის რეჟიმი ძალიან სუსტია“, – თქვა მან და დასძინა, რომ ისრაელმა სამიზნეში ამოიღო თეირანში ირანის დაზვერვის მთავარი ხელმძღვანელი და მისი მოადგილე.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა „ორი ეგზისტენციალური საფრთხის“ აღმოსაფხვრელად. მან განმარტა, რომ ეს საფრთხეებია ბირთვული საფრთხე და ბალისტიკური რაკეტების საფრთხე.
პარასკევის დილიდან მოყოლებული ისრაელმა ირანის ტერიტორიაზე არაერთი თავდასხმა განახორციელა. ამ თავდასხმების სამიზნე გახდა ბირთვული და სარაკეტო ობიექტები, დაიღუპნენ მაღალი რანგის სამხედრო პირები და წამყვანი მეცნიერები. ასევე, სამიზნე გახდა ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაც.
ირანმა კი საპასუხო დარტყმა მიიტანა რაკეტებით, რომელთა სამიზნეც ისრაელის სხვადასხვა რეგიონი იყო.
ნეთანიაჰუმ ადრე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.