აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა თულსი გაბარდმა განაცხადა, რომ გამოქვეყნდა 230 000-ზე მეტი გვერდის დოკუმენტი მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის (MLK) მკვლელობის შესახებ.
გაბარდმა ორშაბათს განაცხადა: "ეს დოკუმენტები შეიცავს დეტალებს მკვლელობის FBI-ს გამოძიების შესახებ."
დოკუმენტები ასევე მოიცავს „პოტენციური ინფორმაციის გავრცელების შესახებ განხილვებს, FBI-ის შიდა მემორანდუმებს, რომლებიც დეტალურად აღწერს საქმის მიმდინარეობას, ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ ჯეიმს ერლ რეის ყოფილმა თანასაკნელმა რეისთან სავარაუდო მკვლელობის შეთქმულება განიხილა და სხვა“, - დასძინა მან.
გაბარდმა აღნიშნა, რომ ამერიკელები თითქმის 60 წელი ელოდნენ ამ გამოძიების სრული მასშტაბის ნახვას.
"პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ არ ვუშვებთ არც ერთ დეტალს, რათა უზრუნველვყოთ სრული გამჭვირვალობა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით. ღრმა მადლობას ვუხდი კინგების ოჯახს მათი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა მან.
MLK-ის ძმისშვილმა, ალვედა კინგმა განაცხადა, რომ მადლიერია ტრამპისა და გაბარდის იმისთვის, რომ მათ შეასრულეს დოკუმენტების გამოქვეყნების დაპირება.
"ჩემი ბიძა გაბედულად ცხოვრობდა ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ძიებაში და მისი რწმენით სავსე მემკვიდრეობა დღესაც აგრძელებს ამერიკელების შთაგონებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კვლავ ვგლოვობთ მის სიკვდილს, ამ დოკუმენტების გასაჯაროება და გამოქვეყნება ისტორიული ნაბიჯია სიმართლისკენ, რასაც ამერიკელი ხალხი იმსახურებს", - თქვა მან.
"მნიშვნელოვანი ეტაპი"
დოკუმენტების გამოქვეყნება, რომელიც განხორციელდა იუსტიციის სამინისტროსთან, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან (FBI), ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან (CIA) და ეროვნულ არქივებთან თანამშრომლობით, განხორციელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულების შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას მარტინ ლუთერ კინგის, ყოფილი პრეზიდენტის ჯონ კენედის (JFK) და სენატორ რობერტ კენედის (RFK) მკვლელობებთან დაკავშირებით.
მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი გარდაიცვალა 1968 წლის 4 აპრილს, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში, Lorraine Motel-ის აივანზე თავდასხმის შედეგად. ის 39 წლის იყო. ჯეიმს ერლ რეის, რომელმაც აღიარა მკვლელობა, 99 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, ამ მოვლენასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები და შეთქმულების თეორიები კვლავ აქტუალურია.
იუსტიციის მინისტრმა პემ ბონდიმ თავის მხრივ განაცხადა: "ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ლიდერის საშინელი მკვლელობიდან ათწლეულების შემდეგ, ამერიკელ ხალხს პასუხების მიღების უფლება აქვს".
CIA-ს დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება სააგენტოსთვის "მნიშვნელოვანი ეტაპია" ამერიკელი ხალხისთვის "მაქსიმალური გამჭვირვალობის" უზრუნველყოფის გზაზე.