რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის სანაპიროსთან, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) განაცხადა.
USGS-ის მონაცემებით, შაბათს მომხდარი მიწისძვრა კამჩატკის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრიდან, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან 111 კილომეტრის დაშორებით აღმოსავლეთით დაფიქსირდა. მიწისძვრის სიღრმე 39.5 კილომეტრი იყო.
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელმა ცენტრმა განაცხადა, რომ „საშიში“ ტალღები შესაძლოა წარმოიშვას რუსეთის სანაპიროებზე, ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში.
USGS-მა თავდაპირველად მიწისძვრის სიმძლავრე 7.5 მაგნიტუდად შეაფასა, თუმცა მოგვიანებით ეს მაჩვენებელი შეამცირა.
ივლისში კამჩატკის ნახევარკუნძულთან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც წყნარი ოკეანის მასშტაბით ოთხმეტრიანი ცუნამის ტალღები გამოიწვია და ევაკუაცია გამოცხადდა ჰავაიდან იაპონიამდე.
8.8 მაგნიტუდის მიწისძვრა ყველაზე ძლიერი იყო 2011 წლის შემდეგ, როდესაც იაპონიის სანაპიროსთან 9.1 მაგნიტუდის ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია, რომელმაც 15,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ივლისის მიწისძვრამ იაპონიაში თითქმის ორი მილიონი ადამიანის მაღალ ადგილებზე ევაკუაცია გამოიწვია.
ცუნამის გამაფრთხილებელი სიგნალები რეგიონის მასშტაბით გამოცხადდა, თუმცა მოგვიანებით ისინი გაუქმდა ან შემცირდა.