დონალდ ტრამპმა მის მიერ შემოთავაზებული 5 მილიონი დოლარის ღირებულების „ოქროს ვიზის“ პროგრამისთვის ვებგვერდი TrumpCard.gov აამოქმედა. ეს ნაბიჯი, რომელიც აშშ-ის მოქალაქეობის მიღების გზას ჰპირდება, არალეგალი იმიგრანტების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდების გამო გაზრდილი კრიტიკის ფონზე გადაიდგა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგეგმილი 5 მილიონი დოლარის ღირებულების აშშ-ის ბინადრობის ნებართვის პროგრამისთვის ახალი ვებგვერდი წარადგინა. ტრამპმა განაცხადა, რომ „ოქროს ვიზის“ სახელით ცნობილი პროგრამის მომლოდინეთა სია ვებგვერდზე TrumpCard.gov გაიხსნა.
ოთხშაბათს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა: „ათასობით ადამიანი რეკავს და კითხულობს, თუ როგორ შეუძლიათ განაცხადის შეტანა მსოფლიოს უდიდეს ქვეყანასა და ბაზარზე წვდომის მისაღებად“.
ტრამპმა ამ ტიპის პირველი ვიზა ჯერ კიდევ აპრილში, საპრეზიდენტო თვითმფრინავის ბორტზე წარადგინა. მას ხელში ეჭირა ოქროსფერი პროტოტიპი, რომელზეც მისი სახე იყო გამოსახული და პირობა დადო, რომ ეს სპეციალური ნებართვა „სავარაუდოდ, ორ კვირაზე ნაკლებ დროში“ გახდებოდა ხელმისაწვდომი.
ვიზები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ოთხშაბათს წარდგენილი ვებგვერდი დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, სათაურით „ტრამპის ბარათი მალე იქნება“ (Trump Card is Coming) გაგზავნონ თავიანთი სახელი, სასურველი ვიზის ტიპი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.
ტრამპს ადრე უთქვამს, რომ ეს ახალი ვიზა, რომელიც ტრადიციული „მწვანე ბარათის“ ძვირადღირებული ვერსიაა, ქვეყანაში დამსაქმებლებს მოიზიდავდა და მისი გამოყენება აშშ-ის ეროვნული ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად იქნებოდა შესაძლებელი.
ეს განცხადება გაკეთდა იმ პერიოდში, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გახშირებულია დეპორტაციის მიზნით რეიდები, იმართება საპროტესტო აქციები და ტრამპის ადმინისტრაცია ანტიიმიგრაციული პოლიტიკის გამო სასამართლო დავებისა და უფლებების დარღვევის ბრალდებების წინაშე დგას. ტრამპის თქმით, ახალი ბარათი აშშ-ის უაღრესად ღირებული მოქალაქეობისკენ მიმავალი გზა იქნება.
თებერვალში გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ამ ბარათებიდან „შესაძლოა, ერთი მილიონი“ ერთეულის გაყიდვის იმედი აქვს და არ გამორიცხა, რომ პროგრამაში რუსი ოლიგარქებიც ჩაერთვებოდნენ.