უკრაინის დედაქალაქ კიევში საპროტესტო აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა კანონი, რომელიც ასუსტებს ორი ანტიკორუფციული უწყების უფლებამოსილებებს.
ოპონენტები ამტკიცებენ, რომ კანონი, რომელიც უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (SAPO) ავტონომიას აუქმებს, ზრდის ზელენსკის უფლებამოსილებებს და გზას უხსნის მთავრობის ჩარევას მაღალი პროფილის კორუფციულ საქმეებში.
მომიტინგეები სკანდირებდნენ: „დაადე ვეტო კანონს“. 26 წლის თამაშების დიზაინერმა ანასტასიამ განაცხადა: „ეს კანონი ნაჩქარევად მიიღეს. აშკარაა, რომ ეს მიზანმიმართული ძალისხმევაა“.
საინფორმაციო სააგენტო AFP-ის კორესპონდენტის ცნობით, მომიტინგეებმა ზელენსკის მიერ კანონის ხელმოწერას შეძახილებითა და უკმაყოფილებით უპასუხეს.
„უკან გადადგმული ნაბიჯი“
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მართა კოსმა, უკრაინის პარლამენტის (რადას) მიერ ანტიკორუფციული უწყებების ავტონომიის გაუქმების შესახებ კანონის დამტკიცებას „სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა.
კოსმა X პლატფორმაზე თავის პოსტში აღნიშნა: „დამოუკიდებელი ინსტიტუტები, როგორიცაა NABU და SAPO, უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ცენტრშია“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინის“ წარმომადგენლობამ კი გააკრიტიკა პარლამენტის გადაწყვეტილება და განაცხადა: „ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის 2014 წლის ღირსების რევოლუციის შემდეგ გატარებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას და არღვევს ნდობას საერთაშორისო პარტნიორებთან“.