გაეროს გენერალურმა მდივანმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და M23-ს შორის დადებულ შეთანხმებას მშვიდობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
მხარეების წარმომადგენლებმა დეკლარაციას ხელი მოაწერეს ქვეყნის აღმოსავლეთში ძალადობის დასრულების მიზნით გამართული რამდენიმეკვირიანი დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და მეამბოხე დაჯგუფება „23 მარტის მოძრაობას“ (AFC/M23) შორის პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერას მიესალმა.
„მივესალმები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და AFC/M23-ს შორის პრინციპების დეკლარაციის ხელმოწერას“, - განაცხადა გუტერეშმა კვირას, X-ის საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„გაერო მტკიცედ უჭერს მხარს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მშვიდობის, სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისა და სტაბილურობის დამყარების მცდელობებს, ეროვნულ ხელისუფლებასთან, რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, - თქვა მან.
მხარეების წარმომადგენლებმა დეკლარაციას ხელი შაბათს, ქვეყნის აღმოსავლეთში ძალადობის დასრულების მიზნით გამართული რამდენიმეკვირიანი დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერეს.
ეს შეთანხმება რუანდასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 27 ივნისს ვაშინგტონში ცალკე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შედგა, რამაც კონფლიქტის დასრულების იმედები გაზარდა.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და დასავლური ქვეყნები რუანდას 2021 წელს M23-ის მეამბოხეების ხელახლა გამოჩენის დღიდან მათ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. რუანდა კი ამ ბრალდებებს მუდმივად უარყოფს.
კონგოს აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტების ცენტრში მყოფი M23-ის მეამბოხეთა დაჯგუფება აკონტროლებს მნიშვნელოვან ტერიტორიას, მათ შორის პროვინციულ დედაქალაქებს, გომასა და ბუკავუს, რომლებიც მათ ამ წლის დასაწყისში დაიკავეს.