ნიუ-ჯერსიში მომხდარი უეცარი წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ნიუ-იორკის რეგიონში, რომელსაც ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, ავტომობილები წყალში ჩაიძირა და მეტროს სადგურები დაიტბორა.
ძლიერმა წვიმებმა სამშაბათს რეგიონის აეროპორტებში, მაგისტრალებსა და სარკინიგზო ტრანსპორტში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია.
მერის, ერიკ ადამსის ინფორმაციით, მანჰეტენის ცენტრალურ პარკში ერთ საათში 5 სანტიმეტრზე მეტი ნალექი დაფიქსირდა. ეს რაოდენობა რეგისტრაციის დაწყების დღიდან ერთ საათში გაზომილი ნალექის სიდიდით მეორე მაჩვენებელია.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ორშაბათს საღამოს მანჰეტენის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეტროს სადგურის ჩათვლით, ბევრი მეტროს სადგური დაიტბორა.
ხელისუფლების განცხადებით, მეტროს სისტემა უხვი ნალექის შედეგად მალევე გამოვიდა მწყობრიდან.
ნიუ-იორკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის კომისარმა როჰიტ აგარვალამ განმარტა, რომ ქალაქის ძველი კანალიზაციის სისტემა საათში 4.44 სანტიმეტრი ნალექის გატარებას შეძლებდა, თუმცა ქარიშხლის დროს ნალექის რაოდენობა საათში 10 სანტიმეტრი იყო.
მერმა ადამსმა განაცხადა, რომ აქამდე არასდროს უნახავს ამ დონის წვიმა. ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და თქვა ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რომელთა მანქანებიც პლეინფილდში წყალმა გაიტაცა. დაღუპულები მანქანაში იპოვეს.
ზოგიერთ რაიონში 2.5 საათზე ნაკლებ დროში 15.25 სანტიმეტრი ნალექი დაფიქსირდა, თუმცა აღინიშნა, რომ ზოგიერთ ადგილას წყალდიდობა პირველად მოხდა.