პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთი მსოფლიოს მიერ მშვიდობის დიპლომატიის, გლობალური მასშტაბის დახმარების, მხარდაჭერისა და შუამავლობის საკითხებში საკვანძო მოთამაშედ აღიქმება.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: "ადრე უკრაინის პრეზიდენტ (ვოლოდიმირ) ზელენსკის შევხვდით. გასულ კვირას კი აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან ამ (უკრაინის) საკითხზე ვისაუბრეთ და განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებიც სისხლისღვრის შესაჩერებლად უნდა გადავდგათ".
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩემი ძვირფასი მეგობრის (აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ) ტრამპის ნებას, ცხელი კონფლიქტები დიალოგისა და დიპლომატიის გზით გადაჭრას. მადლობა ღმერთს, თურქეთი გლობალური მშვიდობის დიპლომატიაში დახმარების, მხარდაჭერისა და შუამავლობისთვის სასურველ ქვეყანად იქცა".
ერდოღანმა, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობებზე საუბრისას, რომელიც მეოთხე წელია გრძელდება, აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც "ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ყველა მხარე ენდობა", მზად არის წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომელიც ხუთშაბათს სტამბოლში გაიმართება და მოხარული იქნება ამ მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ბოლო კონტაქტებმა ახალი შესაძლებლობები გახსნა და გამოთქვა რწმენა, რომ ეს შანსი "ფუჭად არ დაიკარგება".
პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობაზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მიესალმება ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახლახან გამოცხადებულ შეთანხმებას და მოუწოდა ორივე მხარეს, მომავალში თავი შეიკავონ შემდგომი პროვოკაციებისგან.
ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მიერ თვითლიკვიდაციისა და იარაღის დაყრის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით, ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია თურქი ხალხის უსაფრთხოებისთვის, რეგიონული მშვიდობისა და მუდმივი ეროვნული ერთიანობისთვის.
„ჩვენ PKK-ს დაშლის გადაწყვეტილებას აღვიქვამთ, როგორც გადაწყვეტილებას, რომელიც მოიცავს მის ყველა შტოს, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ერაყში, სირიასა და ევროპაში.“ - დაამატა მან.