უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სტამბოლში გასამართ მორიგ პირდაპირ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კიევს თავდაცვის მინისტრი უმეროვი წარადგენს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მონაწილეობას მიიღებს რუსეთის მიერ შემოთავაზებულ და ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაში.
ზელენსკიმ, შტაბთან შეხვედრის შემდეგ, Telegram-ზე გაკეთებულ პოსტში დაწერა: „ორშაბათს სტამბოლში დაგეგმილი შეხვედრის წინ (უკრაინის) ძირითადი პოზიციები განვსაზღვრე“.
ზელენსკიმ დაამატა, რომ უკრაინის დელეგაციას, ისევე როგორც წინა ჯერზე, ამჯერადაც თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
რუსეთმა უკრაინას 472 დრონით შეუტია
ამასთან, რუსეთმა შაბათს ღამით უკრაინაზე 472 დრონით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ეს იყო ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ინტენსიური ღამის თავდასხმა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე შვიდი რაკეტა გაუშვა.
განცხადების თანახმად, 382 დრონი და სამი რაკეტა ჩამოგდებულ ან განეიტრალებულ იქნა.
აღინიშნება, რომ რუსეთმა ბოლო დროს უკრაინაზე რეგულარული ღამის თავდასხმებისას გამოყენებული დრონების რაოდენობა გაზარდა.
უკრაინამ რუსეთის ბირთვული პოტენციალის მქონე ბომბდამშენებზე იერიში მიიტანა
უკრაინამ კი კვირას ციმბირში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებულ ბირთვული პოტენციალის მქონე შორ მანძილზე მოქმედ ბომბდამშენებზე იერიში მიიტანა. ეს თავდასხმა, რომელიც ფრონტის ხაზიდან 4300 კმ-ის (2670 მილის) დაშორებით განხორციელდა, უკრაინის მიერ განხორციელებულ ყველაზე შორ მანძილზე თავდასხმად შეფასდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დაუდასტურებელ ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ იწვის რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები ირკუტსკის ჩრდილოეთით მდებარე ბელაიას ავიაბაზაზე.
უკრაინის დედაქალაქ კიევში Reuters-თან საუბარში ანონიმურმა უკრაინულმა წყარომ განაცხადა, რომ დაზიანებულ თვითმფრინავებს შორის იყო Tu-95 და Tu-22 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე შორი მოქმედების რაკეტების გასაშვებად იყენებს.
რუსული მხრიდან კი, ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ უსოლსკის რაიონში, სოფელ სრედნის მახლობლად, სამხედრო ნაწილზე დრონებით თავდასხმა მოხდა, თუმცა სტრატეგიული თვითმფრინავების დამიზნებაზე არ უსაუბრია. კობზევის მიერ Telegram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ დაფრინავენ დრონები ჰაერში და როგორ ამოდის ცაში კვამლის უზარმაზარი სვეტი.
კობზევმა თქვა, რომ ეს იყო პირველი თავდასხმა ციმბირის ამ რეგიონში და დაამატა, რომ თავდასხმაში მონაწილე დრონების რაოდენობა უცნობია, აღნიშნა რა, რომ დრონები სატვირთო მანქანიდან აფრინდნენ.