ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ისრაელებს საკუთარი ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდეს და გააფრთხილეს, რომ უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მოვლენების გამო რეგიონი „შესაძლოა საცხოვრებლად უვარგისი გახდეს“. ეს განცხადება ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ გაავრცელა იმ პერიოდში, როდესაც ორ რეგიონულ მეტოქეს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება.
ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, რეზა სეიდმა, კვირას გაკეთებულ განცხადებაში, ისრაელის წინააღმდეგ ირანის ახალი საპასუხო თავდასხმის დაწყების შემდეგ თქვა: „გაფრთხილება მომდევნო დღეებისთვის: დატოვეთ ოკუპირებული ტერიტორიები, რადგან ისინი მომავალში ნამდვილად აღარ იქნება საცხოვრებლად ვარგისი!“.
სეიდმა გააფრთხილა: „მიწისქვეშ თავშესაფრის ძებნა ისრაელებს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“.
„ამიტომ, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ: ნუ მისცემთ უფლებას კრიმინალურ რეჟიმს, ცოცხალ ფარად გამოგიყენოთ,“ – დასძინა მან.
ირანი აშშ-სა და დასავლეთს ჩაურევლობისკენ მოუწოდებს
ამასთან, ირანის ექსპერტთა ასამბლეის წევრმა და რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა, მოჰსენ რეზაიმ, განაცხადა: „ჩვენ შეიძლება მივიდეთ იმ წერტილამდე, სადაც გადავდგამთ დიდ ნაბიჯებს, რომლებიც მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“.
„აშშ-სა და ევროპაში საღად მოაზროვნე ადამიანებმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედონ, რათა თავიანთი ქვეყნები ამ ომიდან გამოიყვანონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, ჩვენ მათ ჩარევას ყურადღება არ მივაქციოთ და პასუხი არ გავცეთ,“ – დასძინა რეზაიმ.
პარასკევს ისრაელმა ირანში მრავალ ობიექტზე, მათ შორის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებზე, უმიზეზო საჰაერო თავდასხმები განახორციელა.
თელ-ავივის უმიზეზო თავდასხმამ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა და ირანის მიერ ისრაელზე საპასუხო დარტყმების განხორციელება გამოიწვია.
მას შემდეგ თავდასხმები და საპასუხო დარტყმები გრძელდება.