პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვში მყოფ ჰაქან ფიდანს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ შეხვედრაზე უკრაინა მთავარი განსახილველი საკითხი იქნება.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანს მიიღებს, რომელიც მოსკოვს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „დღის განმავლობაში კრემლში დახურული სამუშაო შეხვედრების სერიაა დაგეგმილი. (ასევე) სახელმწიფოს მეთაური (პრეზიდენტი) დღეს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს მიიღებს, რომელიც მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.“
პესკოვმა აღნიშნა, რომ პუტინი და ფიდანი „ბუნებრივია“ უკრაინას „მთავარ საკითხად“ განიხილავენ.
ორმხრივი ურთიერთობები
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ფიდანი თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვსაც შეხვდება და ორმხრივ ურთიერთობებზე ფოკუსირებულ მოლაპარაკებებს გამართავს.
„და რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხზე აზრთა გაცვლა დღის წესრიგის სავალდებულო პუნქტი იქნება,“ - დასძინა მან.
ფიდანი ასევე ორშაბათს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველ ვლადიმერ მედინსკისაც შეხვდა, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის სამწლიანი პაუზის შემდეგ სტამბოლში გამართულ პირველ პირდაპირ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.
თურქეთის შუამავლობით 16 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე, მხარეებმა 1000 ადამიანის მონაწილეობით ტყვეთა მასშტაბური გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.
კვირას, თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ფიდანის ორშაბათს დაწყებული ორდღიანი ვიზიტის შესახებ განაცხადა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.