რეგულარულ სუდანის არმიასა და პარამილიტარულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის ომი თითქმის ორი წელია გრძელდება.
აფრიკის კავშირმა ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ომით მოცულ სუდანში გამოცხადებული პარალელური მთავრობა ქვეყნის დაყოფის რისკს შეიცავს.
სუდანის არმიასა და პარამილიტარულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებებმა ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 12 მილიონზე მეტი ადამიანი გააძევა საცხოვრებლიდან. გაერო ამ სიტუაციას აფრიკის კონტინენტზე „უპრეცედენტო ჰუმანიტარულ კრიზისად“ მოიხსენიებს.
არმიასა და RSF-ს შორის ომი, რომელიც თავდაპირველად RSF-ის არმიაში ინტეგრაციის შესახებ უთანხმოებით დაიწყო, ქვეყანა საბოლოოდ ორად გაყო. სუდანის არმია აკონტროლებს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებს, ხოლო RSF აკონტროლებს დარფურის დასავლეთის თითქმის მთელ ტერიტორიას და სამხრეთის ზოგიერთ ნაწილს.
გასულ თვეს RSF-მა და მისმა მოკავშირეებმა ნაირობიში ხელი მოაწერეს „დამფუძნებელ ქარტიას“ და პარალელური მთავრობა გამოაცხადეს.
აფრიკის კავშირმა დაგმო ეს ინიციატივა და განაცხადა: „ასეთი მოქმედება დიდ რისკს შეიცავს ქვეყნის დაყოფის თვალსაზრისით“.
AFP-ის მიერ ნანახი დოკუმენტის თანახმად, ხელმომწერები გეგმავენ „მშვიდობისა და ერთიანობის მთავრობის“ შექმნას მეამბოხეების მიერ კონტროლირებად რეგიონებში.
მარტის დასაწყისში RSF-მ და მისმა მოკავშირეებმა, ასევე ნაირობიში, ხელი მოაწერეს სხვა დოკუმენტს „გარდამავალი კონსტიტუციის“ სახელით.
აფრიკის კავშირმა მოუწოდა ყველა წევრ სახელმწიფოს და საერთაშორისო თანამეგობრობას, „არ აღიარონ პარალელური მთავრობა ან ნებისმიერი ფორმირება, რომელიც აცხადებს პრეტენზიას სუდანის რესპუბლიკის რომელიმე ნაწილის მართვაზე“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აფრიკის კავშირი „არ აღიარებს ე.წ. მთავრობას ან პარალელურ ფორმირებას სუდანში“.
სამშაბათს ევროკავშირმაც გააკეთა განცხადება, რომ პარალელური მთავრობა საფრთხეს უქმნის სუდანის ხალხის დემოკრატიულ მოლოდინებს. ეს განცხადება თანხვედრაშია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გასულ კვირას გაკეთებულ მსგავს გაფრთხილებასთან.