უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა განაცხადა, რომ ღამით უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პრილუკიზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი წლის ბავშვი.
ჩაუსის თქმით, თავდასხმის შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მან დასძინა, რომ ხუთშაბათს დილით ადრე ექვსი „შაჰედის“ ტიპის დრონი პრილუკის საცხოვრებელ უბნებს მოხვდა და საცხოვრებელ სახლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.
ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეჰუბოვის Telegram-ზე გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის შემდეგ უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ხარკოვზე რუსული დრონებით თავდასხმისას ჩვიდმეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები, ორსული ქალი და 93 წლის ქალი.
სინეჰუბოვმა Telegram-ზე დაწერა, რომ დაახლოებით 01:05 საათზე „შაჰედის“ ტიპის დრონები ქალაქის სლობიდსკის რაიონში ორ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია და რამდენიმე კერძო ავტომობილი გაანადგურა. „მტერმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ვერაგული ტერორისტული ტაქტიკა, როდესაც თავდასხმებს ახორციელებს იმ დროს, როდესაც ადამიანებს საკუთარ სახლებში სძინავთ,“ - დაწერა მან.
თავის მხრივ, უკრაინის არმიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში იერიში მიიტანა რუსულ სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა Telegram-ის საშუალებით გაავრცელა განცხადება: „ერთი რუსული სარაკეტო გამშვები დანადგარი აფეთქდა, დანარჩენი ორი კი, სავარაუდოდ, დაზიანდა“.
გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ ბრიანსკის ოლქში რუსული ძალების მიერ მომზადებული თავდასხმის სამიზნე შესაძლოა უკრაინის დედაქალაქი კიევი ყოფილიყო.