რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა დასავლური სამყაროს გასართობი ინდუსტრიის გავლენის გამო შეშფოთება გამოხატეს და გაფრთხილება გამოთქვეს, რომ ანიმაციურმა ფილმებმა, სათამაშოებმა და ვიდეოთამაშებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს რუსი ბავშვების განვითარებაზე.
გაზეთ The Moscow Times-ის ცნობით, რუსმა დეპუტატებმა დასავლური სამყაროს ანიმაციური ფილმები, სათამაშოები და ვიდეოთამაშები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ისეთი პერსონაჟები, როგორიცაა შრეკი და გრინჩი, რუს ბავშვებზე „დამანგრეველ გავლენას“ ახდენს.
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა იანა ლანტრატოვამ მრგვალ მაგიდაზე, სადაც საბჭოთა პერიოდის პერსონაჟებს მათ დასავლელ ანალოგებს ადარებდა, პრეზენტაციისას, თქვა: „ანიმაციური ფილმების პერსონაჟები თითქოს ცუდები არ არიან, მაგრამ მათ აქვთ როგორც ფიზიკური, ასევე პიროვნული ნაკლოვანებები.“
The Moscow Times-ის ცნობით, ლანტრატოვას პრეზენტაციის ერთ-ერთ სლაიდზე გაფრთხილება იყო მოცემული, რომ დასავლური კულტურის აღზევებასთან ერთად ნაკლოვანი პერსონაჟები გმირებად არიან წარმოჩენილნი და სრულიად დადებითი ფიგურის იდეა იკარგება. პრეზენტაციაში მაგალითებად შრეკის, გრინჩისა და „მონსტრების კორპორაციის“ პერსონაჟები იყო მოყვანილი.
პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა ეს ტენდენცია დასავლეთის მიერ წარმოებული უფრო ფართო „ჰიბრიდული ომის“ ნაწილად შეაფასა. მირონოვმა თქვა: „თუ მტრის დამარცხება გინდათ, მათი შვილები აღზარდეთ“ და დაამატა: „სამწუხაროდ, [დასავლური ქვეყნები] ძალიან აქტიურად ცდილობენ ჩვენს შვილებზე იდეოლოგიური გავლენის მოხდენას.“
ლანტრატოვამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ხარვეზები რუსეთის ხელისუფლებას მსგავსი შინაარსის დაბლოკვას ურთულებს, თუმცა, დასძინა, რომ დუმის ბაზაზე „ტრადიციული რუსული სულიერი ფასეულობების“ დანერგვის მიზნით მომუშავე ჯგუფისთვის წინადადებების წარდგენას გეგმავს.