ანკარამ 2023 წელს 40 ერთეული Typhoon-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავის შეძენის სურვილი პირველად გამოთქვა.
თურქეთმა, მოწინავე საბრძოლო თვითმფრინავის, Eurofighter Typhoon-ის, მომხმარებლად გახდომის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და დიდ ბრიტანეთთან შეთანხმებას მოაწერა ხელი.
თურქეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, ოთხშაბათს სტამბოლში გამართული თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ამ საკითხზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმების შესახებ განაცხადეს.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ, იაშარ გიულერსა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან, ჯონ ჰილის შორის გამართული მაღალი დონის შეხვედრის შემდეგ. ეს უფრო ფართო თავდაცვითი თანამშრომლობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება თურქეთის მიერ Eurofighter-ის ინტეგრაციის საკითხზე დიდ ბრიტანეთთან ყოვლისმომცველი შეთანხმების გზას განსაზღვრავს.
ურთიერთგაგების მემორანდუმი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შორის გამართული სატელეფონო საუბრიდან ერთი დღის შემდეგ გაფორმდა, სადაც მათ შეთანხმების მიმდინარეობა განიხილეს.
თურქეთი გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის მიერ ერთობლივად წარმოებული 40 ერთეული Eurofighter-ის ტიპის თვითმფრინავის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ანკარამ ამ თვითმფრინავების შეძენის მოთხოვნა პირველად 2023 წლის მარტში წარადგინა.
Eurofighter Typhoon-ი, რომელიც გერმანიის მიერ მოწოდებული კომპონენტებით დიდ ბრიტანეთში დამზადდება, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე 4.5 თაობის მრავალფუნქციურ საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება.
ამ შეთანხმებით თურქეთი საჰაერო ძალების შესაძლებლობების დივერსიფიკაციისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს და ამავდროულად აძლიერებს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ნატოს მნიშვნელოვან მოკავშირეებთან.
ნატოს სიდიდით მეორე არმიის მფლობელი თურქეთის თავდაცვის სიძლიერეს ბოლო პერიოდში მრავალმა ევროპელმა ლიდერმა გაუსვა ხაზი.