New York Times-ი ირანელ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ირანმა კატარში მდებარე აშშ-ის საჰაერო ბაზაზე თავდასხმამდე კატარის ხელისუფლებასთან დაკავშირება და თავდასხმის მოახლოების შესახებ ინფორმაციის მიწოდება განახორციელა, რათა მსხვერპლი მინიმუმამდე დაეყვანა.
სამმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა პრესას განუცხადა, რომ თეირანი თავს ვალდებულად გრძნობდა, „სიმბოლური“ საპასუხო ზომა გამოეჩინა აშშ-ის წინააღმდეგ, თუმცა ოპერაცია ისე წარიმართა, რომ მხარეებს „უკან დახევის“ შესაძლებლობა ჰქონოდათ.
წყაროებმა ეს სტრატეგია 2020 წელს ირანის მიერ ერაყში აშშ-ის ბაზაზე განხორციელებულ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას შეადარეს, როდესაც ირანმა ბაღდადს წინასწარ გაუგზავნა გაფრთხილება მაღალი რანგის მეთაურის, ყასემ სოლეიმანის, აშშ-ის მიერ მკვლელობის შემდეგ.
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ „ფათაჰის გამარჯვების ოპერაციის“ ფარგლებში კატარში მდებარე ალ-უდეიდის ბაზაზე „დამანგრეველი და ძლიერი სარაკეტო თავდასხმები“ განხორციელდა.
კატარმა თავის მხრივ განაცხადა, რომ მან წარმატებით გაანეიტრალა რაკეტები, მსხვერპლი არ ყოფილა და თავდასხმა დაგმო.
თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის მიმართ პოტენციური საფრთხეების შესახებ ინფორმირებულია და სიტუაციას ახლოდან აკვირდება“.
აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასულ შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმების შემდეგ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის საელჩომ ამერიკელ მოქალაქეებს მოუწოდა, „დარჩნენ იქ, სადაც იმყოფებიან.“
აღნიშნული თავდასხმები, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, ირანის კრიტიკულ ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ მოხდა.
ირანის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აბდულრაჰიმ მუსავიმ, ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები „პასუხგაუცემელი არ დარჩება.“