ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკებების განსახილველად კონსულტაციების მიზნით მოსკოვში მიემგზავრება.
თეირანმა დაადასტურა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი, მასკატში ვაშინგტონთან გამართული ბოლო ბირთვული მოლაპარაკებების შედეგების განსახილველად.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მიმდინარე კვირაში მოსკოვს ეწვევა, რათა ომანში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული ბოლო ბირთვული მოლაპარაკებები განიხილოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გააკეთა.
შაბათს არაღჩი მასკატში შეხვდა აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში, სტივ ვიტკოფს. ეს შეხვედრა 2015 წლის შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ირანსა და აშშ-ს შორის გამართულ უმაღლესი დონის ბირთვულ მოლაპარაკებებად შეფასდა.
„დოქტორი არაღჩი კვირის ბოლოს მოსკოვში გაემგზავრება,“ — თქვა პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაეიმ და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი „წინასწარ იყო დაგეგმილი“ და „იქნება შესაძლებლობა, განიხილონ მასკატის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები“.
ირანმა და აშშ-მ შაბათს გამართული მოლაპარაკებები ცალ-ცალკე „კონსტრუქციულად“ შეაფასეს.
ეს მოლაპარაკებები მას შემდეგ გაიმართა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის, წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბირთვულ მოლაპარაკებებს ითხოვდა და თეირანის მიერ უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო სამხედრო ინტერვენციით იმუქრებოდა.
რუსეთმა და ჩინეთმა, ირანის ახლო მოკავშირეებმა, ბოლო კვირებში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამართეს. მოსკოვი მიესალმა ირან-აშშ-ის მოლაპარაკებებს და დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა, თან გააფრთხილა, რომ სამხედრო კონფლიქტი „გლობალური კატასტროფა“ იქნებოდა.
ირანსა და აშშ-ს შორის შემდეგი შეხვედრა შაბათს, 19 აპრილს არის დაგეგმილი. ირანს ჯერ არ დაუდასტურებია შეხვედრის ადგილი, თუმცა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა და დიპლომატიურმა წყაროებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართება.
„წითელი ხაზები“
ირანის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო IRNA-მ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ევროპაში გაიმართება, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. ბაღაეიმ თქვა, რომ შემდეგი მოლაპარაკებები ომანის შუამავლობით ირიბად გაგრძელდება და პირდაპირი მოლაპარაკებები „ეფექტური“ და „სასარგებლო“ არ არისო.
ბაღაეის ადრე ჰქონდა ნათქვამი, რომ მომავალი მოლაპარაკებები მხოლოდ „ბირთვულ საკითხსა და სანქციების მოხსნაზე“ იქნება ფოკუსირებული და ირანი „ამერიკულ მხარესთან სხვა არცერთ საკითხზე არ იმსჯელებს“.
კვირას ღამით IRNA-მ განაცხადა, რომ თეირანის რეგიონული გავლენა და სარაკეტო შესაძლებლობები მოლაპარაკებებზე „წითელ ხაზებს“ შორისაა.
2018 წელს, ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ვაშინგტონი 2015 წლის შეთანხმებიდან გავიდა და თეირანის წინააღმდეგ მძიმე სანქციები ხელახლა აამოქმედა. ირანი ტრამპის გასვლიდან ერთი წლის განმავლობაში კვლავ იცავდა შეთანხმებას, მაგრამ მოგვიანებით მისი პირობების შესრულება შეამცირა.
ირანი მუდმივად უარყოფდა ბრალდებებს, რომ ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
ბაღაეიმ კვლავ დაადასტურა, რომ გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უახლოეს დღეებში ირანს ეწვევა, თუმცა აღნიშნა, რომ ვიზიტის დეტალები ჯერ კიდევ „შეთანხმებული არ არის“.
გროსიმ X პლატფორმაზე გაკეთებულ პოსტში დაადასტურა ვიზიტი: „ამ შაბათ-კვირას თეირანში ვიქნები“. „იმ დროს, როდესაც დიპლომატიური გადაწყვეტილებები სასწრაფოდ არის საჭირო, სააგენტოსთან მუდმივი ურთიერთქმედება და თანამშრომლობა აუცილებელია,“ — დაწერა მან.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი ნოემბერში ირანს ეწვია და შეხვედრები გამართა მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან.
IAEA-ს მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ ბოლო კვარტალურ ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ირანს დაახლოებით 274,8 კგ (605 ფუნტი) 60 პროცენტამდე გამდიდრებული ურანი აქვს. ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება 2015 წლის შეთანხმებით დადგენილ 3,67 პროცენტიან ზღვარს და ბევრად უფრო ახლოსაა იარაღის ხარისხის მასალისთვის საჭირო 90-პროცენტიან ზღვართან.