Apple-მა, მიწოდების რისკების შესამცირებლად, წლის დასაწყისში MP Materials-თან იშვიათ მიწათა მაგნიტებზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების შეთანხმება გააფორმა.
გასულ კვირას კომპანიამ პენტაგონისგან (აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო) მიიღო მხარდაჭერა და უზრუნველყო იმ უწყების ინვესტიცია, რომელიც მისი უმსხვილესი აქციონერი გახდება.
გარიგება მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო MP Materials-ისთვის, აშშ-ში ერთადერთი იშვიათი მიწების მაღაროს ოპერატორისთვის, რომლის აქციებიც გარიგების შემდეგ 20 პროცენტით გაიზარდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, წლის დასაწყისში, გამოიყენა საგანგებო უფლებამოსილებები, რათა გაეზარდა კრიტიკული მინერალების ადგილობრივი წარმოება, რათა დაებალანსებინა ჩინეთის დომინირება ამ სექტორში.
Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა ამ თვეში განაცხადა, რომ იშვიათ მიწათა მასალები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიების წარმოებისთვის და ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს აშშ-ში ამ კრიტიკული მასალების მიწოდების გაძლიერებას.
კუკმა დაამატა, რომ "ჩვენ ვერ ვიქნებით უფრო აღელვებულები ამერიკული საწარმოო სექტორის მომავლით და გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის კრეატიულობის, მარჯვეობისა და ინოვაციური სულისკვეთების ინვესტირებას".
თუმცა, ამ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიუხედავად, ჩინეთი კვლავ ამუშავებს მსოფლიოში იშვიათ მიწათა ელემენტების დაახლოებით 90 პროცენტს, ხოლო აშშ-ში მოპოვებული მინერალების დაახლოებით ორი მესამედი იგზავნება ჩინეთში გადამუშავებისთვის, სანამ Apple-ის პროდუქტებში იქნება გამოყენებული.
ჩინეთის კონტროლი ამ სექტორზე ასევე ვრცელდება უშუალოდ MP Materials-ზე Shenghe Resources-ის მეშვეობით, რომელსაც კომპანიის აქციების დაახლოებით რვა პროცენტი აქვს. წლების განმავლობაში MP თავისი მადნის დიდ ნაწილს გადასამუშავებლად ჩინეთში აგზავნიდა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ, ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების პრივილეგირებული აქციებისა და აქციების შეძენის უფლების შეძენით, MP Materials-ში ეფექტურად 15 პროცენტიანი წილი მოიპოვა. კომპანიამ ახლა პირობა დადო, რომ არცერთ მასალას აღარ გაგზავნის ჩინეთში გადასამუშავებლად.
MP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმს ლიტინსკიმ ინვესტორებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საჭიროებას და ამავე დროს ვინარჩუნებთ თავისუფალი ბაზრის კომპანიის მიდგომას".
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კრიტიკული გადამამუშავებელი შესაძლებლობების აშშ-ში დაბრუნებისკენ, ის ასევე აყენებს უფრო ფართო კითხვას იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა მსგავსი ძალისხმევები რეალურად ბალანსის შეცვლას.
დამოუკიდებლობის გრძელი გზა
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები და ინდუსტრიის ლიდერები მოუთმენლად აღნიშნავენ MP Materials-თან ბოლო შეთანხმებას, როგორც გარდამტეხ მომენტს, ექსპერტები აკეთებენ გაფრთხილებას, რომ ეს მხოლოდ ნაბიჯია გაცილებით უფრო ხანგრძლივ მოგზაურობაში.
იშვიათი მიწების გადამუშავებასა და რაფინირებაში ჩინეთის აბსოლუტური დომინირება ნიშნავს, რომ აშშ კვლავ დიდ სტრუქტურულ ბარიერებს აწყდება.
გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტის უფროსი წევრის ჯეკ ლიფტონის თქმით, ძირითადი ლანდშაფტი შეიცვალა დასავლელი გადაწყვეტილების მიმღებთა უმეტესობის მოლოდინს მიღმა.
ლიფტონმა TRT World-თან ინტერვიუში განაცხადა: "ის, რაც შეიცვალა, არის გლობალური კონკურენციის რეალური გაჩენა. ამერიკელები და ევროპელები ძალიან, ძალიან გვიან შევიდნენ ამ თამაშში."
ახლა საუბარი აღარ არის მხოლოდ სამთო მოპოვებით საქმიანობაში დაწევაზე.
როგორც Hinrich Foundation-ის ანგარიშებშია აღნიშნული, აშშ-ის სამთო მოპოვებითი წარმოების ზრდის მიუხედავად, მოპოვებული მინერალების დიდი ნაწილი ჩინელი გადამამუშავებლების ხელში გადის, სანამ ამერიკულ ქარხნებში მოხვდება.
პასუხისმგებელი ბატარეების კოალიციის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ კრისტენსენმა ინვესტიციები დადებითად შეაფასა, თუმცა შეზღუდვებს ხაზი გაუსვა სიტყვებით: "მოპოვების შესაძლებლობების გაფართოება შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია ღირებულებათა ჯაჭვის გასწვრივ. MP-ის მიერ წარმოებული ლითონები შეამცირებს ჩვენს დამოკიდებულებას ჩინეთზე".
თუმცა, გამოწვევები მიწოდების ჯაჭვის მიღმა ვრცელდება. გლობალური უსაფრთხოების ანალიზის ინსტიტუტის ექსპერტი ლიფტონი ხაზს უსვამს, რომ ახლო აღმოსავლეთის, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები სულ უფრო მეტად არიან განწყობილნი დაიცვან თავიანთი მინერალური რესურსებიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი და არ სურთ სწრაფი მოგებით დაკმაყოფილება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრიტიკული მინერალების გლობალური მიწოდების სქემა სწრაფად იცვლება, ხოლო ჩინეთი მზად არის შესთავაზოს გადამამუშავებელი ტექნოლოგია სავაჭრო საშუალებად, რათა შეინარჩუნოს გლობალური ეფექტურობა.
"აშშ-სა და ევროპაში დაფუძნებული კომპანიები ამ დონეზე კონკურენციას ვერ გაუწევენ", - აჯამებს არსებულ ვითარებას ექსპერტი ლიფტონი.
ვაშინგტონის ადმინისტრაცია ნაბიჯებს დგამს ამ სტრატეგიული ხარვეზის გამოსასწორებლად.
პრეზიდენტ ტრამპის გადაუდებელი განკარგულებები და საზღვაო ტრანსპორტის რეფორმის აქტი აშშ-ის მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის გაზრდის მცდელობების კონკრეტული მაგალითებია.
თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, მარეგულირებელი პროცედურებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში არსებული სირთულეების გამო, აშშ-ში დამტკიცებული სამთო მოპოვებითი პროექტების ამოქმედებას ათწლეულები შეიძლება დასჭირდეს.
S&P Global-ის ანგარიშში მოცემული "აშშ-ს გააჩნია მეორე ყველაზე გრძელი პერიოდი მსოფლიო მასშტაბით (29 წელი) საძიებოდან წარმოების ფაზამდე" ნათლად წარმოაჩენს ამ მდგომარეობას.
მიღებული მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად მზარდი ინვესტიციებისა, აშშ-ს წლები, ან ათწლეულები დასჭირდება, რომ მიაღწიოს ჩინეთის საკუთრებაში არსებული მიწოდების ქსელის მასშტაბს და ტექნოლოგიურ სიმწიფეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული სტრატეგიული მიდგომა, სტაბილური გრძელვადიანი ინვესტიციები და გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ნება, მხოლოდ ადგილობრივი გადაწყვეტილებების ნაცვლად.