ისრაელმა განაცხადა, რომ ირანის შეიარაღებული ძალების ომის პერიოდის შტაბის უფროსის, ალი შადმანის ლიკვიდაცია განახორციელეს.
შადმანი ამ თანამდებობაზე ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ, სულ რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.
ისრაელის არმიის X-ის ანგარიშზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „დაზვერვის სამმართველოს მიერ მიღებული ზუსტი სადაზვერვო ინფორმაციისა და ღამის საათებში მოულოდნელად გაჩენილი შესაძლებლობის გამოყენებით, სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა თეირანის ცენტრში მდებარე შტაბ-ბინაზე თავდასხმა განახორციელეს და გენერალური შტაბის უფროსი და უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაური, ალი შადმანი, გაანეიტრალეს“.
შადმანის მოვალეობებში შედიოდა საბრძოლო ოპერაციების ზედამხედველობა, სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმების დამტკიცება და ისრაელის წინააღმდეგ ირანის სამხედრო სტრატეგიის ფორმირება.
შადმანიმ გასულ კვირას ისრაელის თავდასხმის შედეგად მოკლული გენერალ-მაიორი გოლამ ალი რაშიდის თანამდებობა გადაიბარა.
ისრაელის არმიის განცხადებით, „შადმანის განეიტრალება ირანის უმაღლესი სამხედრო სარდლობის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების სერიის ნაწილია და ირანის შეიარაღებული ძალების სამეთაურო ჯაჭვს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა“.
ისრაელის ოფიციალურ პირებს ოპერაციის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ, ხოლო თეირანს შადმანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.