აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე, ჯერომ პაუელი, „დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს“.
სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გაკეთებულ განცხადებაში ტრამპმა გააზიარა საინფორმაციო სტატია, რომელშიც ფედერალური საბინაო საფინანსო სააგენტოს დირექტორი, უილიამ პულტე, კონგრესს პაუელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებდა.
Bloomberg-ის სტატიაზე მითითებით, რომელიც პულტეს მოწოდებას შეიცავდა, ტრამპმა, პაუელის ზედმეტსახელის, „ძალიან გვიანის“ გამოყენებით, დაპოსტა: „დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს!!!“.
პულტემ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ კონგრესმა უნდა გამოიძიოს პაუელის საქმე „პოლიტიკური მიკერძოებისა“ და „სენატის სხდომაზე შეცდომაში შემყვანი განცხადებების“ გამო.
პულტემ პაუელი ცენტრალური ბანკის შტაბ-ბინის 2,5 მილიარდი დოლარის ღირებულების სარემონტო პროექტის ხასიათისა და ღირებულების შესახებ ტყუილში დაადანაშაულა და ამას სამსახურებრივი გადაცდომის აშკარა მაგალითი უწოდა.
პაუელი ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პოსტზე პირველი ვადით თავად ტრამპმა წარადგინა.
ტრამპის შემდეგ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კი, პაუელი მეორე ვადით წარადგინა.
ტრამპს პაუელი არაერთხელ გაუკრიტიკებია, განსაკუთრებით „საპროცენტო განაკვეთების შემცირების დაგვიანების“ გამო.
