ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონი, რომელიც აჩერებს თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და ის ასევე დამტკიცდა და ძალაში შევიდა კონსტიტუციის დაცვის საბჭოს მიერ.
არაღჩიმ სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა: "კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა და დღეს კონსტიტუციის დაცვის საბჭომაც დაამტკიცა, ჩვენთვის სავალდებულოა და მის აღსრულებაში ეჭვი არ არსებობს".
"ამ მომენტიდან [ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან] UAEA-სთან ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობა ახალ ფორმას მიიღებს."
კანონი განიხილება, როგორც პირდაპირი პასუხი ისრაელისა და აშშ-ის მიერ გასულ კვირებში ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმებზე.
არაღჩიმ თქვა, რომ კონფლიქტის დროს მიყენებული ზიანი "მნიშვნელოვანია" და ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ექსპერტები ჯერ კიდევ აფასებენ ნგრევის მასშტაბებს.
არაღჩიმ ასევე თქვა, რომ კომპენსაციის საკითხი ამჟამად მთავრობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

უარყო აშშ-თან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია
ამასობაში, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა და საკითხთან დაახლოებულმა წყაროებმა CNN-ს განუცხადეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ფარულ დიპლომატიურ ძალისხმევას ახორციელებს თეირანთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების მიზნით.
არსებული ინფორმაციით, ადმინისტრაცია იკვლევს ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა სანქციების შემსუბუქება, შეზღუდული ფონდების ხელმისაწვდომობის დაშვება და 20-30 მილიარდი დოლარის ღირებულების სამოქალაქო ბირთვული პროგრამის პოტენციური მხარდაჭერა, რომელიც არ მოიცავს ურანის გამდიდრებას.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დაწყებას "მომავალ კვირას" ელოდება, არაღჩიმ ეს მოსაზრება უარყო.
არაღჩიმ "სპეკულაციები" იმის შესახებ, რომ თეირანი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებოდა უარყო და თქვა: "სერიოზულად არ უნდა იქნას მიღებული".
მან სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ განცხადებაში თქვა: "მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ახალი მოლაპარაკებების დასაწყებად არანაირი შეთანხმება, მოწყობა ან შეხვედრა არ ყოფილა. მოლაპარაკებების დასაწყებად ჯერ გეგმა არ არის განსაზღვრული."
ირანის სულიერმა ლიდერმა ალი ხამენეიმ, რომელიც ისრაელთან ომში ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან პირველად გამოჩნდა ტელევიზიით და მიესალმა ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ მოპოვებულ "გამარჯვებას", თქვა, რომ ის არასოდეს დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას და ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონმა დამამცირებელი "სილა" მიიღო.
ხამენეიმ უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ ირანის ბირთვულმა პროგრამამ ათწლეულებით უკან დაიხია და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მოვლენებს უჩვეულოდ აზვიადებდა და მას ეს გაზვიადება სჭირდებოდა.

ომანის მოლაპარაკებები
თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან მჭიდრო კონტაქტშია - ძირითადად შუამავლების მეშვეობით - მაგრამ შეხვედრა ჯერ არ არის დაგეგმილი.
"ჩვენ ყოველთვის დიპლომატიასა და მშვიდობაზე ვართ ორიენტირებული", - თქვა მან.
"ჩვენ გვინდა, რომ ირანმა მიიღოს მშვიდობიანი სამოქალაქო ბირთვული პროგრამა გამდიდრების გარეშე."
ტრამპის ადმინისტრაციის ამჟამინდელი მიდგომის თანახმად, ირანი ურანის გამდიდრების ნაცვლად, მას იმპორტით მიიღებს, ისევე როგორც ამას არაბთა გაერთიანებული საამიროები აკეთებს.
ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ადრე მეხუთე რაუნდამდე მივიდა, მაგრამ ისრაელის თავდასხმების გამო ჩაიშალა.
ომანში დაგეგმილი მეექვსე რაუნდი გაუქმდა.