აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდოეთისთვის ახალი სანქციების გამოცხადების შემდეგ, თქვა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნებს "გაცილებით მეტი" მეორადი სანქცია დაეკისრებათ.
ოთხშაბათს, თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა: "თქვენ გაცილებით მეტს ნახავთ. იმდენ მეორად სანქციას ნახავთ, რომ..." და იქვე მიანიშნა, რომ ჩინეთიც შესაძლოა სამიზნე ქვეყნებს შორის იყოს.
კითხვაზე, დაექვემდებარება თუ არა პეკინი მსგავს ზომებს, ტრამპმა უპასუხა: "შესაძლოა. გააჩნია ვითარებას. შესაძლოა". ამასთან, მან ისაუბრა ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებებზე, რომლებშიც, მისი თქმით, პროგრესი შეინიშნება.
იმავე დღეს, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ინდოეთის იმპორტზე დამატებით 25%-იან საბაჟო გადასახადს აწესებს, რუსული ნედლი ნავთობიდან "მუდმივი გადაყიდვისა და მოგების მიღების" საპასუხოდ.
აღინიშნა, რომ აღნიშნული გადასახადები 21 დღის განმავლობაში ამოქმედდება.
განკარგულება ასევე ავალებს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ხაზინის მდივან სკოტ ბესენტს, გამოავლინონ სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს "პირდაპირ ან ირიბად" შეისყიდიან.
ეს განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა მოსკოვში რუსეთის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა და თავად ტრამპმა განაცხადა, რომ "ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ".