აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-მა უფრო ნათელი წარმოდგენა მოიპოვა იმ პირობებზე, რომლებითაც რუსეთი მზად არის დაასრულოს ომი უკრაინაში.
ოთხშაბათს, Fox Business Network-ის გადაცემა „Kudlow“-ში რუბიომ განაცხადა: „შესაძლოა, ამ ადმინისტრაციის მთავრობაში მოსვლის შემდეგ პირველად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები იმისა, თუ რას მოითხოვს რუსეთი ომის დასასრულებლად“, და დასძინა, რომ ნებისმიერი შეთანხმების ძირითადი ელემენტები ტერიტორიულ საკითხებს დაუკავშირდება.
თეთრმა სახლმა მანამდე გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა მომავალ კვირას შეხვდეს პუტინს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში რუსეთის ლიდერს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტმა „უკიდურესად პროდუქტიულად“ შეაფასა.
კიევში მაღალი რანგის წყაროს თანახმად, ეს შესაძლო სამიტი განიხილეს ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბრისას. საუბარში ასევე მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და ფინეთის ლიდერები.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა, განაცხადა: „რუსებმა გამოთქვეს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის სურვილი და ჩვენი პრეზიდენტი ღიაა როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან შესახვედრად“.
ლევიტმა თქვა: „პრეზიდენტ ტრამპს სურს ამ სასტიკი ომის დასრულება“.
New York Times-მა და CNN-მა, გეგმასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტრამპი გეგმავს მომავალ კვირას პუტინთან ორმხრივ შეხვედრას, რასაც მოჰყვება სამმხრივი სამიტი რუსეთის ლიდერთან და ზელენსკისთან ერთად.
ეს სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის, მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ, რომლებიც კრემლმა „ნაყოფიერად“ შეაფასა. ამასობაში, ახლოვდება ტრამპის მიერ რუსეთისთვის უკრაინის ომის გამო ახალი სანქციების დაწესების ულტიმატუმის ვადა.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა: „დიდი პროგრესი იქნა მიღწეული“!
„შეხვედრის შემდეგ, ჩვენ ზოგიერთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეს მივაწოდეთ ინფორმაცია. ყველა თანხმდება, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და უახლოეს დღეებში ამ მიმართულებით ვიმუშავებთ,“ - განაცხადა მან.
თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, მაღალი რანგის ამერიკელმა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ „მეორადი სანქციების“ ამოქმედება კვლავ მოსალოდნელია ორ დღეში.
სანქციების საფრთხე
ბოლო კვირებში ტრამპი ომის გამო პუტინის მიმართ მზარდ უკმაყოფილებას გამოთქვამს.
თეთრ სახლს ოფიციალურად არ განუცხადებია, თუ რა ზომებს მიიღებს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ტრამპი ადრე იმუქრებოდა „მეორადი ტარიფების“ დაწესებით რუსეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორების, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, წინააღმდეგ.
ოთხშაბათს, ტრამპმა ინდურ საქონელზე მაღალი ტარიფების დაწესების ბრძანება გასცა, რადგან ნიუ-დელი აგრძელებს რუსული ნავთობის შესყიდვას.
ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს რუსული ექსპორტისთვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეფერხებების გამოწვევის რისკს შეიცავს.
ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგების მოლოდინის გარეშე, არ გასცემდა რაიმე ეკონომიკური სანქციის ბრძანებას.
„ვნახოთ, რა მოხდება“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა: „ამ გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ“.
კრემლმა, ტრამპის პირდაპირი დასახელების გარეშე, სამშაბათს რუსეთის სავაჭრო პარტნიორების მიმართ ტარიფების გაზრდის „მუქარა“ „არალეგალურად“ შეაფასა.