თურქეთის თავდაცვის მრეწველობის წამყვანმა კომპანიამ, ASELSAN-მა განაცხადა, რომ წლის პირველ ექვს თვეში 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების პირდაპირი და არაპირდაპირი საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმა. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ „მტკიცედ“ აგრძელებს ექსპორტზე ორიენტირებული ზრდის სტრატეგიას.
2025 წლის პირველ ექვს თვეში ASELSAN-ის შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,3%-ით გაიზარდა და 53,7 მილიარდ თურქულ ლირას (1,32 მილიარდი დოლარი) მიაღწია. აღინიშნა, რომ ამ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საჰაერო თავდაცვის, ელექტრო-ოპტიკური, სარადარო, ავიონიკის, რადიოელექტრონული ბრძოლის, უსაფრთხოებისა და შეიარაღების სისტემების სფეროებში მიმდინარე მიწოდებებმა.
წლის პირველ ნახევარში გაფორმებული ახალი ხელშეკრულებების საერთო ღირებულებამ 2,8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით მეტია. დაგროვილი შეკვეთები კი 30%-იანი ზრდით 16 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
მოგება პროცენტის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე (FAVÖK), რომელიც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რეალურ გამოსახულებაში 15%-ით გაიზარდა, 319,7 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო FAVÖK-ის მარჟამ 25% შეადგინა. ამავე პერიოდში, შეკვეთების/შემოსავლების თანაფარდობა ორი იყო, რითაც ASELSAN-მა ამ სფეროში სექტორის საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა.
2025 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით, 42%-ით გაიზარდა ASELSAN-ის კვლევისა და განვითარების (R&D) ხარჯები და 572 მილიონ დოლარს მიაღწია. ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე გაწეული ხარჯები კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 100%-ით გაიზარდა და 104 მილიონი დოლარი შეადგინა.
Aselsan-ის გენერალურმა დირექტორმა, აჰმეთ აქიოლმა, 2025 წლის პირველი ექვსი თვის ფინანსური შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ 2024 წელს დაწყებული Aselsan NEXT პროგრამით კომპანიამ ძლიერი ფინანსური იმპულსი მოიპოვა და დასძინა: „მეორე კვარტლის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეს იმპულსი 2025 წლის პირველ ნახევარშიც შევინარჩუნეთ“.
მან ასევე შეაფასა: „შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წარმატებაში სამი ფაქტორი გამოირჩევა: მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე ფოკუსირება და პროდუქციის სწრაფი გამოშვება, ეფექტიანობის ზრდა და ადგილობრივი წარმოების განვითარების საქმიანობა“.
აქიოლმა აღნიშნა, რომ Aselsan-ის საბაზრო ღირებულებამ 21 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და განაცხადა, რომ ეს არის ინვესტორების მიერ კომპანიისადმი ნდობისა და მისი გრძელვადიანი ზრდის პოტენციალის რწმენის კონკრეტული მაჩვენებელი.
„წლის მეორე ნახევარშიც იმავე მონდომებით გავაგრძელებთ წინსვლას. გავაგრძელებთ R&D-სა და ინვესტიციებს. განსაკუთრებით გავზრდით ჩვენს სერიული წარმოების შესაძლებლობებს ისეთ კრიტიკულ სფეროებში, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, რადარები, ჭკვიანი საბრძოლო მასალები, მართვადი სისტემები და ელექტრო-ოპტიკა“, - განაცხადა აქიოლმა და დაამატა: „ჩვენი ექსპორტზე ორიენტირებული ზრდის სტრატეგიით ახალ ბაზრებზე გავალთ“.