ვენესუელამ დაგმო აშშ-ის გადაწყვეტილება, გააორმაგოს ჯილდო იმ პირისთვის, ვინც ნიკოლას მადუროს დაკავებას შეუწყობს ხელს და ეს ნაბიჯი "სავალალოდ" და "სასაცილოდ" შეაფასა.
ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან გილმა Telegram-ზე დაწერა, რომ "ეს სავალალო 'ჯილდო' ყველაზე აბსურდული თვალის ახვევაა, რაც კი ოდესმე გვინახავს", ეს განცხადება მან აშშ-ის იუსტიციის მინისტრის, პემ ბონდის მიერ ჯილდოს ოდენობის გაზრდის შესახებ განცხადებიდან რამდენიმე საათში გააკეთა.
ბონდის თქმით, ვაშინგტონი ახლა მადუროს დაპატიმრებისთვის საჭირო ინფორმაციის სანაცვლოდ 50 მილიონ დოლარს აწესებს. ეს არის ყველაზე მაღალი ჯილდო, რაც კი ოდესმე მოქმედი მსოფლიო ლიდერისთვის დაუწესებიათ. მინისტრმა განაცხადა, რომ მადურო "მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნარკომოვაჭრეა" და საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბონდიმ განაცხადა, რომ მადურო თანამშრომლობს დანაშაულებრივ ორგანიზაციებთან, მათ შორის ვენესუელაში არსებულ "ტრენ დე არაგუას" ბანდასთან და მექსიკაში არსებულ "სინალოას" კარტელთან. მან მას ბრალი წაუყენა ფართომასშტაბიანი ნარკოკონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ოპერაციების მართვაში.
„ეკონომიკური ომი“
იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-მა მადუროსთან დაკავშირებული 700 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქონება დააყადაღა, მათ შორის ორი თვითმფრინავი და ცხრა ავტომობილი.
მადუროს, ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით 2020 წლიდან აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში ასამართლებენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თავდაპირველად 15 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა, მოგვიანებით კი ეს თანხა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა. ვენესუელის მთავრობამ, რომელიც დიდი ხანია კონფლიქტშია აშშ-სთან, ჯილდოს გაზრდა ვაშინგტონის მხრიდან ვენესუელის საშინაო საქმეებში კიდევ ერთ ჩარევის მცდელობად შეაფასა.
აშშ მადუროს ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციაში და პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობაში ადანაშაულებს. ვენესუელა კი ამ ბრალდებებს უარყოფს და აშშ-ის სანქციებს მისი მთავრობის დამხობისკენ მიმართულ "ეკონომიკურ ომად" მიიჩნევს.
ვენესუელა, რომელიც ოდესღაც ლათინური ამერიკის უმდიდრესი ქვეყანა იყო ნავთობის უზარმაზარი მარაგების წყალობით, წლების განმავლობაში აშშ-ის ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ამან სიღარიბისა და ინფლაციის გამო მილიონობით ადამიანის ქვეყნიდან წასვლა გამოიწვია.