ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ ინდურ საქონელზე 50-პროცენტიანი დამატებითი გადასახადის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ფერმერების ინტერესებს არ დათმობს, თუნდაც ამას მძიმე ფასი ჰქონდეს.
ხუთშაბათს ტრამპმა გამოაცხადა, რომ სამხრეთ აზიის ქვეყანას დამატებით 25-პროცენტიან გადასახადს უწესებს, რითაც აშშ-ში ექსპორტირებულ ინდურ საქონელზე დაწესებული გადასახადის ჯამური განაკვეთი 50%-მდე გაზარდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი, რომელიც აშშ-ს ოდესმე რომელიმე სავაჭრო პარტნიორისთვის დაუწესებია.
ხუთშაბათს, ნიუ-დელიში გამართულ ღონისძიებაზე მოდიმ განაცხადა: „ჩვენთვის ჩვენი ფერმერების კეთილდღეობა უმთავრესია. ინდოეთი არასოდეს დათმობს თავისი ფერმერების, რძის სექტორისა და მეთევზეების კეთილდღეობას. ვიცი, რომ ამისთვის პირადად მძიმე ფასის გადახდა მომიწევს“.
ინდოეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ხუთი რაუნდის შემდეგ ჩიხში შევიდა, რაც გამოწვეული იყო ინდოეთის ფართო სასოფლო-სამეურნეო და რძის სექტორების გახსნასთან და რუსული ნავთობის შესყიდვების შეწყვეტასთან დაკავშირებული უთანხმოებებით.
მოდის პირდაპირ არ უხსენებია აშშ-ის გადაწყვეტილება გადასახადების შესახებ ან სავაჭრო მოლაპარაკებები.
ტრამპმა განაცხადა, რომ ახალი გადასახადი, რომელიც 28 აგვისტოს შევა ძალაში, ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების დასჯის მიზნით დაწესდა. ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას „უკიდურესად სამწუხარო“ უწოდა და განაცხადა: „ინდოეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას ეროვნული ინტერესების დასაცავად“.
აშშ-ს ჯერჯერობით მსგავსი გადასახადი არ დაუწესებია ჩინეთისთვის, რომელიც რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველია. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჩინეთს, იშვიათი მიწის ელემენტებისა და მსგავსი რეზერვების გამო, აშშ-სთან ვაჭრობისას ბერკეტები გააჩნია, მაშინ როცა ინდოეთს ეს უპირატესობა არ აქვს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ ურთიერთობათა მდივანმა, დამუ რავიმ, ჟურნალისტებს განუცხადა: „აშშ-ის მიერ გადასახადების ზრდა ლოგიკას მოკლებულია. ეს არის დროებითი გადახრა, დროებითი პრობლემა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ დროთა განმავლობაში მსოფლიო გამოსავალს იპოვის“.
ინდოეთი ახალი ალიანსებისკენ მიისწრაფვის
ტრამპის საბაჟო ტარიფებით გამოწვეული და ბოლო წლების ყველაზე სერიოზული დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, ინდოეთმა დაიწყო სიგნალების გაგზავნა, რომ უახლოეს თვეებში შესაძლოა ალტერნატიული პარტნიორობა დაამყაროს.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი შვიდ წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად ემზადება ჩინეთში ვიზიტისთვის. ეს ნაბიჯი ვაშინგტონთან ურთიერთობების შესუსტების ფონზე შესაძლო ალიანსის ცვლილებაზე მიუთითებს.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ BRICS-ის ქვეყნებს შორის დიალოგს წამოიწყებს, რათა განიხილონ, თუ რა გზა აირჩიონ ტრამპის ტარიფების საპასუხოდ. გავრცელებული ინფორმაციით, ლულა გეგმავს ხუთშაბათს დაურეკოს მოდის, შემდეგ კი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს და სხვა ლიდერებს.
BRICS-ის ჯგუფი ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკისგან შედგება.
რავიმ თქვა: „მსგავსი შეხედულებების მქონე ქვეყნები ეძებენ თანამშრომლობასა და ეკონომიკურ ურთიერთქმედებას, რომელიც ყველა მხარისთვის სასარგებლო იქნება“.