რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა, მოსკოვის მიერ მოკლე და საშუალო რადიუსის ბირთვულ რაკეტებთან დაკავშირებული მორატორიუმიდან გამოსვლაზე პასუხისმგებლობა ნატოს ქვეყნებს დააკისრა.
მედვედევმა, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებს, ორშაბათს პლატფორმა X-ზე გაკეთებულ განცხადებაში თქვა: „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განლაგებაზე მორატორიუმიდან გასვლის შესახებ, ნატოს ქვეყნების ანტირუსული პოლიტიკის შედეგია“.
„ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ყველა ჩვენმა მოწინააღმდეგემ უნდა გაითვალისწინოს. დაელოდეთ შემდგომ ნაბიჯებს“, - დასძინა მან.
მედვედევის განცხადებები მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ის „თავს აღარ თვლის ვალდებულად დაიცვას“ საშუალო რადიუსის ბირთვული ძალების (INF) ხელშეკრულების ფარგლებში ადრე მიღებული შეზღუდვები.
1987 წლის ხელშეკრულება მოითხოვდა აშშ-სა და საბჭოთა კავშირისგან, გაენადგურებინათ ყველა ბირთვული და ჩვეულებრივი სახმელეთო ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, რომელთა მოქმედების რადიუსი 500-დან 5,500 კილომეტრამდე იყო, და სამუდამოდ აეკრძალათ ამ ტიპის იარაღი.
„იყავით ძალიან, ძალიან ფრთხილად“
აშშ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი ვადის დროს, 2019 წელს გავიდა INF ხელშეკრულებიდან, იმ მოტივით, რომ რუსეთი არ იცავდა შეთანხმებას. რუსეთმა კი ეს ბრალდებები უარყო.
მოსკოვის ორშაბათის განცხადება მოჰყვა ტრამპის მიერ გასულ კვირას ორი ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავის „რუსეთთან ახლოს“ განლაგების ბრძანებას. ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც პასუხი მედვედევისთვის, რომელიც ბოლო დროს სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტთან მწვავე დისკუსიებში იყო ჩართული.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთი ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ განცხადებას „ძალიან ფრთხილად“ ეკიდება და რომ მოსკოვს ამ საკითხთან დაკავშირებით „პასუხისმგებლიანი პოზიცია“ უჭირავს.
პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა: „რუსეთი დიდ ყურადღებას უთმობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხს. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველამ ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ისაუბროს ბირთვულ რიტორიკაზე“.
ტრამპი იმუქრება სანქციების დაწესებით, თუ რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს, და განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი კვირას რუსეთს ეწვევა და აშშ-ის სანქციებისთვის დაწესებულ ბოლო ვადამდე მოლაპარაკებებს გამართავს.