ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი სამშაბათს ჩინეთის უმაღლეს დიპლომატს, ვან ის შეხვდება. ეს შეხვედრა აზიის ორ უდიდეს ძალას, ბირთვული იარაღის მფლობელ მეზობლებს - ჩინეთსა და ინდოეთს შორის წლების განმავლობაში არსებული დაძაბულობის შემდეგ ურთიერთობების შერბილებაზე მიუთითებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, რომელიც ინდოეთში ორშაბათს ჩავიდა, გეგმავს შეხვედრებს მოდისთან, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ აჯიტ დოვალთან და სხვა ლიდერებთან ჰიმალაის მთების გასწვრივ მდებარე სადავო სასაზღვრო ხაზის შესახებ.
მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობის შემცირება და ვაჭრობის განახლება.
ვან იმ ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთთან ურთიერთობებში „დადებითი ტენდენციაა“
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სამშაბათს გამოქვეყნებული შეხვედრის ანგარიშის თანახმად, ნიუ-დელიში ინდოელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობები თანამშრომლობისკენ „დადებით ტენდენციას“ აჩვენებს.
მსოფლიოს ორი ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანა, ჩინეთი და ინდოეთი, სამხრეთ აზიაში გავლენის მოსაპოვებლად ინტენსიურ კონკურენციაში არიან. 2020 წელს ამ ქვეყნებს შორის სასაზღვრო კონფლიქტი მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
ინდოეთი ასევე არის Quad-ის უსაფრთხოების ალიანსის წევრი აშშ-სთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ერთად, რაც ჩინეთის საპირწონედ განიხილება.
თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული საბაჟო ომებით გამოწვეული გლობალური სავაჭრო და გეოპოლიტიკური არეულობის ფონზე, ორმა ქვეყანამ ურთიერთობების გამოსწორების გზა აირჩია.
ვან იმ ორშაბათს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან შეხვედრისას განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ ერთმანეთი უნდა განიხილოს არა როგორც „მეტოქე ან საფრთხე“, არამედ როგორც „პარტნიორი და შესაძლებლობა“.
მან „ყველა დონეზე დიალოგის განახლება“ და „სასაზღვრო რეგიონებში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნება“ დაასახელა იმის მტკიცებულებად, რომ ორმხრივი ურთიერთობები „თანამშრომლობას უბრუნდება“.
მოსალოდნელია, რომ ვან ი სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისაც შეხვდება.
„შერიგება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე“
ინდოეთსა და ჩინეთს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებული სასაზღვრო დავა 2020 წელს ლადაქის რეგიონში მომხდარი სასიკვდილო შეტაკების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.
ურთიერთობების გაუარესებამ გავლენა მოახდინა ვაჭრობაზე, დიპლომატიასა და საჰაერო მიმოსვლაზე, ხოლო ორივე მხარემ სასაზღვრო რეგიონებში ათიათასობით უსაფრთხოების ძალა განალაგა.
მას შემდეგ გარკვეული პროგრესი მიღწეულია. გასულ წელს ინდოეთმა და ჩინეთმა სასაზღვრო პატრულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს და ზოგიერთ სასაზღვრო რეგიონში დამატებითი ძალები გაიყვანეს.
თუმცა, ორივე ქვეყანა აგრძელებს საზღვრების გაძლიერებას გზებისა და სარკინიგზო ქსელების მშენებლობით.
ბოლო თვეებში, ორმა ქვეყანამ გაააქტიურა ოფიციალური ვიზიტები და განიხილა ისეთი საკითხები, როგორიცაა სავაჭრო შეზღუდვების შემსუბუქება, მოქალაქეთა გადაადგილება და ბიზნესმენებისთვის ვიზების გამარტივება.
ივნისში პეკინმა ინდოელ მომლოცველებს ტიბეტში წმინდა ადგილების მონახულების უფლება მისცა. ორივე მხარე მუშაობს პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რანდჰირ ჯაისვალმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ ინდოეთი და ჩინეთი მოლაპარაკებებს აწარმოებენ 3,488 კილომეტრის სიგრძის სასაზღვრო ხაზზე სამი პუნქტიდან ვაჭრობის აღსადგენად.
ნიუ-დელიში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის, Observer Research Foundation-ის წარმომადგენელმა, მანოჯ ჯოშიმ, აღნიშნა, რომ ურთიერთობები კვლავ დაძაბული ნორმალიზაციის დონეზეა.
ჯოშიმ განაცხადა: „ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა შერიგება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე,“ და აღნიშნა, რომ ქვეყნებს კვლავ უჭირთ ერთმანეთის გაგება, როდესაც საქმე ეხება სასაზღვრო დავასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მაო ნინგმა, ორშაბათს განაცხადა, რომ პეკინი მზადაა განიხილოს ვან ის ვიზიტი ინდოეთში, როგორც შესაძლებლობა, რათა სათანადოდ მოგვარდეს ორ ქვეყანას შორის არსებული განსხვავებები და ხელი შეეწყოს ჩინეთ-ინდოეთის ურთიერთობების მდგრად, ჯანსაღ და სტაბილურ განვითარებას.
მაომ აღნიშნა, რომ ვან ის შეხვედრა მოდის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ხელს შეუწყობს ღრმა კომუნიკაციის გაგრძელებას სასაზღვრო რეგიონებში მშვიდობისა და სიმშვიდის ერთობლივად დასაცავად.
მოდი უახლოეს მომავალში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
პეკინსა და ნიუ-დელის შორის ყინული დნობა დაიწყო, როდესაც მოდი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოქტომბერში რუსეთში განვითარებადი ეკონომიკების სამიტზე შეხვდნენ. ეს იყო ლიდერების პირველი პირისპირ შეხვედრა 2019 წლის შემდეგ.
მოსალოდნელია, რომ მოდი ამ თვის ბოლოს ჩინეთს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვევა. ეს იქნება მოდის პირველი ვიზიტი ჩინეთში შვიდი წლის შემდეგ.
სის ადრე უთქვამს, რომ ინდოეთისა და ჩინეთის ურთიერთობებმა „დრაკონისა და სპილოს ცეკვის“ ფორმა უნდა მიიღოს.
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გასულ თვეს ჩინეთს 2020 წლის შემდეგ პირველად ეწვია.
ამ დაახლოებაში აშშ და პაკისტანიც თამაშობენ როლს
ეს განახლებული ურთიერთქმედება ემთხვევა პერიოდს, როდესაც ნიუ-დელის ურთიერთობები ტრამპის ადმინისტრაციასთან დაძაბულია.
ვაშინგტონმა ინდოეთის საქონელზე 50%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა, რომელიც ასევე მოიცავს 25%-იან ჯარიმას რუსული ნავთობის შესყიდვის გამო. ეს გადასახადები 27 აგვისტოს შევა ძალაში.
ინდოეთს ამ საკითხზე უკან არ დაუხევია, პირიქით, რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად დამატებითი ხელშეკრულებები გააფორმა.
გენერალ-ლეიტენანტმა დ.ს. ჰუდამ, რომელიც 2014-2016 წლებში ინდოეთის არმიის ჩრდილოეთ სარდლობას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ინდოეთის მოსისხლე მტერ პაკისტანთან ურთიერთობების განახლებამ ასევე წაახალისა ნიუ-დელის ნაბიჯები ჩინეთის მიმართულებით.
ივნისში ტრამპმა პაკისტანის არმიის სარდალს თეთრ სახლში ლანჩზე უმასპინძლა, რის შემდეგაც ისლამაბადთან ქვეყნის ნავთობის რეზერვების ერთობლივი განვითარების ენერგეტიკული შეთანხმების გაფორმების შესახებ განაცხადა.
ორივე ეს მოვლენა მოჰყვა ტრამპის მტკიცებას, რომ მან ინდოეთსა და პაკისტანს შორის მაისში მომხდარი სამხედრო შეტაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია.
აღნიშნული შეტაკებების დროს პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ ჩინური წარმოების სამხედრო თვითმფრინავები და რაკეტები გამოიყენა.
„ჩინეთი პაკისტანში დიდ ინვესტიციებს ახორციელებს და პრაქტიკულად, არ უნდა ველოდოთ, რომ პეკინი ისლამაბადს მხარდაჭერას შეუწყვეტს,“ - თქვა ჰუდამ და დაამატა: „მაგრამ როდესაც შენს საზღვრებთან ორი მტრულად განწყობილი მეზობელი გყავს, შეუძლებელია ორივეს ერთდროულად გაუმკლავდე.“