პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სავიზო და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებში მოქმედი ვიზის მქონე 55 მილიონივე უცხოელი მუდმივი შემოწმების ქვეშ იქნება.
ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა: „დეპარტამენტის მუდმივი ზედამხედველობის პროცესი მოიცავს 55 მილიონზე მეტ უცხოელს, რომლებსაც ამჟამად აქვთ მოქმედი აშშ-ის ვიზა“.
„სახელმწიფო დეპარტამენტი აუქმებს ვიზებს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვლინდება პოტენციური შეუსაბამობის ნიშნები, როგორიცაა სავიზო პირობების დარღვევა, დანაშაულებრივი საქმიანობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა, ნებისმიერი სახის ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობა ან ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა,“ - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენელმა თავი აარიდა იმის თქმას, რომ ყველა ვიზა აქტიურად მოწმდება, მან ნათლად მიანიშნა, რომ ადმინისტრაცია თითოეულ ვიზის მფლობელს ამ პოლიტიკის ფარგლებში განიხილავს.
ანონიმურობის დაცვის პირობით, ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით გამკაცრდა სტუდენტების ზედამხედველობა. „ჩვენ ვამოწმებთ ყველა სტუდენტურ ვიზას,“ - თქვა მან და დაამატა, რომ ისინი „მუდმივად აკვირდებიან, რას ამბობენ ადამიანები“ სოციალური მედიის ანგარიშებზე, რომელთა გამჟღავნებაც განმცხადებლებს ახლა ევალებათ.
სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, იშვიათად გამოყენებულ კანონს მიმართა, რათა გაეუქმებინა ვიზები იმ პირებისთვის, რომლებიც, მისი აზრით, აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, განსაკუთრებით კი ისრაელის საწინააღმდეგო პროტესტების მონაწილეებისთვის.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, იანვრიდან, რაც რუბიო ტრამპთან ერთად შეუდგა მოვალეობის შესრულებას, 6000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. ეს რიცხვი ოთხჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაუქმებული ვიზების რაოდენობას.
რუბიო ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციას შეუძლია ვიზების გაცემა და გაუქმება სასამართლო განხილვის გარეშე და რომ აშშ-ის არამოქალაქეები ვერ ისარგებლებენ აშშ-ის კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით. თუმცა, ზოგიერთ მნიშვნელოვან საქმეში მოსამართლეები ამ არგუმენტს არ დაეთანხმნენ.
კამპანია სტუდენტების წინააღმდეგ
ივნისში, მოსამართლემ გაათავისუფლა კოლუმბიის უნივერსიტეტის პალესტინის მხარდამჭერი პროტესტების ერთ-ერთი ლიდერი და კანონიერი მუდმივი რეზიდენტი, მაჰმუდ ხალილი, რომელიც მარტის დასაწყისში დააკავეს.
ხალილის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, დააკავეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ინდოელი მკვლევარი და პალესტინის კიდევ ერთი მხარდამჭერი სტუდენტი, ბადარ ხან სური. მისი ადვოკატის თქმით, სური პალესტინელი მეუღლის გამო დააკავეს. სური მაისში გაათავისუფლეს.[6][7]
სურის დაკავების შემდეგ, ხელისუფლებამ კიდევ ერთი პალესტინის მხარდამჭერი სტუდენტის, მომოდუ თაალის ძებნა დაიწყო და მას ჩაბარება მოსთხოვა. თაალმა, რომელსაც სავიზო სტატუსი გაუუქმეს, აპრილში საკუთარი ნებით დატოვა აშშ.
25 მარტს, კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, იუნსეო ჩუნგმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას უჩიოდა, რათა შეეჩერებინა მისი დეპორტაცია გასულ გაზაფხულზე პალესტინის მხარდამჭერ პროტესტში მონაწილეობის გამო.
ასევე 25 მარტს, ტაფტსის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რუმეისა ოზთურქი, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღისით გაიტაცეს ღაზაში ისრაელის ქმედებების გაკრიტიკების გამო. იგი ექვსკვირიანი პატიმრობის შემდეგ, მაისში გაათავისუფლეს.
14 აპრილს, ხელისუფლებამ მოქალაქეობის მისაღებად გასაუბრებაზე მისული მოჰსენ მაჰდავი დააკავა. მაჰდავი 30 აპრილს გაათავისუფლეს.
ხუთშაბათს, რუბიომ ასევე განაცხადა, რომ ადმინისტრაციამ, საგზაო უსაფრთხოებისა და ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების დაცვის მოტივით, შეაჩერა სამუშაო ვიზების გაცემა უცხოელი კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის.