ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამ თვის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშს და ოცზე მეტი ქვეყნის მთავრობის მეთაურს უმასპინძლებს. პეკინმა პარასკევს განაცხადა, რომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) შეხვედრა იქნება პოლიტიკური და უსაფრთხოების სამიტი, რომელიც ჩინეთის რეგიონული გავლენის განმტკიცებას ისახავს მიზნად.
ბლოკის ლიდერები, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს მოიცავს, 31 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ტიანძინში დაგეგმილ სამიტზე კავშირების გასაღრმავებლად ახალ გეგმებს წარადგენენ. ეს ინფორმაცია სამიტის მოსამზადებელ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლიუ ბინმა გაავრცელა.
შეხვედრა გაიმართება ჩინეთის მიერ წლების განმავლობაში დაგეგმილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო აღლუმიდან სულ რამდენიმე დღით ადრე. სამიტი ასევე ემთხვევა პერიოდს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ისრაელი, ღაზა და სავაჭრო ტარიფები, რეგიონის მთავარ მოთამაშეებს ჩინეთთან კიდევ უფრო აახლოებს.
სამიტს, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების გარდა, მოწვეული ქვეყნების, როგორიცაა თურქეთი და ვიეტნამი, უმაღლესი რანგის ლიდერებიც დაესწრებიან. სამიტზე დასწრებას გეგმავს მალაიზიის პრემიერ-მინისტრი ანვარ იბრაჰიმიც. იბრაჰიმი ამ შეხვედრას დაესწრება, სანამ ოქტომბერში კუალა-ლუმპურში ტრამპსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სხვა ლიდერებს უმასპინძლებს.
ჰეგემონია და ძველი აზროვნების სტრუქტურები კვლავ გავლენიანია
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლიუ ბინმა, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტ სი ძინპინის სიტყვაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩინეთს იმედი აქვს, „გაზარდოს შთო-ს სტაბილურობა და თანამშრომლობის იმპულსი და უპასუხოს საერთაშორისო გარემოში არსებულ გაურკვეველ და არაპროგნოზირებად ფაქტორებს“.
„დღევანდელ მსოფლიოში ჰეგემონიისა და ძალის პოლიტიკის ძველი აზროვნების სტრუქტურები კვლავ გავლენიანია. ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს საკუთარი ინტერესები სხვებისაზე წინ დააყენოს, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მსოფლიო მშვიდობასა და სტაბილურობას“, - განაცხადა ლიუმ და ირიბად მიანიშნა აშშ-ზე.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სტაბილურობისა და მდგრადობის გაძლიერებით, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ გაურკვევლობებსა და არაპროგნოზირებად ფაქტორებს და შევქმნათ ხელსაყრელი გარემო მუდმივი მშვიდობისთვის“, - დასძინა ლიუმ.
სამიტი ტიანძინის დეკლარაციის ხელმოწერითა და გამოქვეყნებით დასრულდება. 2024 წელს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ შთო-ს სამიტზე ლიდერებმა რეგიონულ ანტიტერორისტულ საქმიანობაში, განახლებადი ენერგიისა და ციფრული ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.