სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში რეგიონული სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, - განაცხადა პოლიციამ. შემთხვევა ტყიან ზონაში მოხდა.
უბედური შემთხვევა ბადენ-ვიურტემბერგის მხარეში, ქალაქ რიდლინგენის მახლობლად, კვირას, დაახლოებით 18:10 საათზე მოხდა, როდესაც მატარებელში დაახლოებით 100 მგზავრი იმყოფებოდა.
ოფიციალურმა პირებმა თავი შეიკავეს დაშავებულთა რაოდენობის ან მათი დაზიანებების სიმძიმის შესახებ დეტალების გამჟღავნებისგან, მაგრამ ტაბლოიდ Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებმა განაცხადეს 50 დაშავებულის შესახებ.
გერმანიის რკინიგზის ოპერატორმა Deutsche Bahn-მა დაადასტურა რამდენიმე გარდაცვლილისა და მრავალი დაშავებულის შესახებ ინფორმაცია. მათ განაცხადეს, რომ ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა "ჯერჯერობით უცნობი მიზეზების გამო".
ოპერატორის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს უბედური შემთხვევის გარემოებების გამოძიება და მოძრაობა შეჩერებულია მარშრუტის 40-კილომეტრიან მონაკვეთზე.
მედიის ცნობით, შესაძლოა, მეწყერი გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, მაშინ როდესაც ძლიერი ქარიშხალი მძვინვარებდა ამ რეგიონში.
სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა ტყიან ზონაში, როდესაც გერმანიის ქალაქ ზიგმარიგენიდან ქალაქ ულმის მიმართულებით მიემართებოდა.
მოძველებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებისთვის.
"მე მჭიდრო კავშირში ვარ შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრებთან და ვთხოვე სამაშველო ჯგუფებს დახმარება ყველა არსებული საშუალებით", - განაცხადა მერცმა X პლატფორმაზე.
"ჩვენ ვგლოვობთ მსხვერპლთათვის. სამძიმარს ვუცხადებ მათ ახლობლებს".
ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს ყვითელი და ნაცრისფერი ფერის გადაბრუნებული ვაგონები, სადაც მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები ცდილობენ მგზავრებთან მისვლას.
ადგილობრივი ტელევიზიის SWR-ის ცნობით, უბედური შემთხვევის შემდეგ მალევე ვერტმფრენები დაშავებულთა ტრანსპორტირებისთვის მიფრინდნენ და მიმდებარე საავადმყოფოებიდან სასწრაფო დახმარების ექიმები გამოიძახეს.
გერმანული ტრანსპორტი ხშირად განიცდის კრიტიკას მგზავრების მხრიდან მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო; მგზავრები ხშირად აწყდებიან მატარებლების დაგვიანებებს და სხვადასხვა ტექნიკურ პრობლემებს.
მთავრობამ პირობა დადო, რომ უახლოეს წლებში რამდენიმე ასეულ მილიარდ ევროს ინვესტიციას განახორციელებს ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში.
2022 წლის ივნისში გერმანიის სამხრეთით, ბავარიის ალპებში მდებარე კურორტთან მატარებელი რელსებიდან გადავიდა, ოთხი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
გერმანიის ისტორიაში ყველაზე ფატალური სარკინიგზო ავარია 1998 წელს მოხდა, როდესაც ჩქაროსნული მატარებელი, რომელსაც სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორი Deutsche Bahn-ი მართავდა, ქვემო საქსონიაში, ეშედესთან ახლოს რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 101 ადამიანი დაიღუპა.