თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბურჰანეთთინ დურანი დაინიშნა, შესაბამისი განკარგულება ოფიციალურ გაზეთში ხუთშაბათს, გამთენიისას გამოქვეყნდა.
დურანმა ფაჰრეთთინ ალთუნი შეცვალა, რომელიც კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს 2018 წლის 25 ივლისიდან იკავებდა. ალთუნი ამიერიდან თურქეთის ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ინსტიტუტის (TİHEK) ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს.
ბურჰანეთთინ დურანმა ბაკალავრის ხარისხი ბოღაზიჩის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მიიღო. დოქტორის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში ბილკენტის უნივერსიტეტში დაიცვა.
მანამდე დურანი SETA Vakfı-ში გენერალური კოორდინატორის თანამდებობას იკავებდა, 2018 წელს კი პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საბჭოს წევრად დაინიშნა.
დურანი, რომელიც 2024 წლის მაისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, საზოგადოებრივ დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკაში თავისი გამოცდილებით არის ცნობილი.
ფაჰრეთთინ ალთუნმა სოციალურ ქსელში თანამდებობის ცვლილება დაადასტურა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შვიდი წლის განმავლობაში ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ალთუნმა განაცხადა: "გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩვენს პრეზიდენტს, რომელმაც ეს პოსტი მომანდო, ჩემს ოჯახს, ჩემს კოლეგებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ თურქეთის კომუნიკაციის მოდელის განსახორციელებლად და მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ჭეშმარიტებისთვის ბრძოლაში მტკიცედ დგანან".
მან ასევე წარმატება უსურვა დურანს და მასზე თქვა: "ჩემი ძვირფასი კოლეგა, ძმა, რომელთანაც მრავალი წელია ვთანამშრომლობ".