ავღანეთში ამ კვირაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დანგრეული სახლების ნანგრევებიდან ცხედრების ამოსაყვანად სამაშველო ჯგუფები ინტენსიურ მუშაობას აწარმოებენ. გადარჩენილთათვის დრო მცირდება, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციები კი აფრთხილებენ, რომ სურსათის, თავშესაფრისა და მედიკამენტების ფონდები იწურება.
ოთხშაბათს გვიანობამდე, მიწისძვრით დაზარალებულ აღმოსავლეთ მთიან რეგიონებში სამძებრო სამუშაოები გრძელდებოდა. თალიბანის მმართველობამ განაცხადა, რომ მეტი ცხედარია ამოტანილი და დაღუპულთა რიცხვმა 1457-ს გადააჭარბა, თუმცა ზუსტი ციფრები ჯერ არ არის ცნობილი.
მიწისძვრით ყველაზე მეტად დაზარალებულ კუნარის პროვინციაში გადარჩენილმა აალემ ჯანმა განაცხადა: „ყველაფერი, რაც გვქონდა, განადგურდა. ჩვენი სახლი დაინგრა და ყველა ნივთი დაიკარგა. ერთადერთი, რაც დაგვრჩა, ეს ტანსაცმელია რაც გვაცვია“.
კვირას მომხდარმა 6 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველმა მიწისძვრამ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ მიწისძვრად ითვლება, კუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში ფართომასშტაბიანი ზიანი და ნგრევა გამოიწვია. მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
სამშაბათს 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მეორე მიწისძვრამ, მთებიდან ჩამოგორებული ლოდებით და შორეულ სოფლებში მიმავალი გზების ჩაკეტვით პანიკა გამოიწვია, სამაშველო სამუშაოები კი შეფერხდა.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაახლოებით 3400 ადამიანი დაშავდა და 6700-ზე მეტი სახლი დაინგრა. გაერომ განაცხადა, რომ ნანგრევებში ჯერ კიდევ არიან ადამიანები და გააფრთხილა, რომ გადარჩენილთათვის დრო იწურება და დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციამ (IFRC) აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული საჭიროებები „ძალიან მაღალია და სწრაფად იზრდება“, და „პირველადი მონაცემებით, პირდაპირ და ირიბად 84 000 ადამიანი დაზარალდა, ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულია“.
კუნარის პროვინციის ზოგიერთ სოფელში ოჯახები მთლიანად განადგურდა. გადარჩენილები, რომლებიც სასოწარკვეთილად ეძებდნენ ოჯახის წევრებს, დახმარების მიღებას ელოდებოდნენ და ნანგრევებს არჩევდნენ, ცხედრებს ნაქსოვი საკაცეებით იღებდნენ და სათხრელი იარაღებით საფლავებს თხრიდნენ.
Reuters TV-ის კადრებში ჩანს, რომ ფქვილის ტომრებით სავსე სატვირთო მანქანები და მამაკაცები, რომლებსაც თოხები მიჰქონდათ, მაღალ ფერდობებზე მდებარე შორეული სოფლებისკენ მიემართებოდნენ. ხელისუფლებამ ათობით ჯგუფი გადაისროლა იმ ადგილებში, სადაც ვერტმფრენები ვერ დაეშვნენ.
42 მილიონიან სამხრეთ აზიის ქვეყანაში, რომელიც ომმა, სიღარიბემ და დახმარების შემცირებამ დააზარალა, სამაშველო და დახმარების სამუშაოებისთვის რესურსები შეზღუდულია. მკაცრი ამინდის პირობები დამატებით სირთულეს წარმოადგენს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 3 მილიონი დოლარის ფინანსურ დეფიციტზე მიანიშნა და განაცხადა, რომ მზარდი მოთხოვნის ფონზე მედიკამენტების, ტრავმების კომპლექტებისა და ძირითადი მარაგების ნაკადის შენარჩუნება კრიტიკულია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ქვეყნის ხელმძღვანელმა, ჯონ აილიფმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გადარჩენილთათვის მხოლოდ ოთხი კვირის სამყოფი ფონდები და მარაგი არსებობს.
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენელმა, ჯაკოპო კარიდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დონორებმა გრძელვადიანი მხარდაჭერა უნდა უზრუნველყონ და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ არა მხოლოდ სიცოცხლის გადამრჩენი დახმარებაა მნიშვნელოვანი, არამედ ავღანელებს უნდა ჰქონდეთ მომავალი მუდმივი კრიზისების მიღმა და აღნიშნა: „მიწისძვრამ ნათლად უნდა შეგვახსენოს, რომ ავღანეთი ვერ დარჩება მარტო მომხდარ კრიზისებთან პირისპირ".