აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ისეთი შეთანხმების მიღწევას ცდილობს, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება, თუმცა, სავარაუდოდ, არცერთი მათგანი კმაყოფილი არ დარჩება.
მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული ნებისმიერი შეთანხმება „ვერავის სრულად ვერ დააკმაყოფილებს“.
„სავარაუდოდ, საბოლოოდ არც რუსები და არც უკრაინელები არ იქნებიან ამ სიტუაციით კმაყოფილი,“ - განაცხადა ვენსმა კვირას Fox News-თან ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ეძებს „მოლაპარაკების გზით მიღწეულ გადაწყვეტას, რომელსაც უკრაინელები და რუსები მიიღებენ, სადაც მათ შეეძლებათ იცხოვრონ შედარებით მშვიდობიანად და სადაც სიკვდილიანობა შეწყდება.“
ვენსის თქმით, დიპლომატიური ბარიერი გადალახულია და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეძლო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დათანხმება უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე.
„ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დაბრკოლება ის იყო, რომ ვლადიმერ პუტინი ამბობდა, რომ ზელენსკის არასდროს შეხვდებოდა. ახლა კი პრეზიდენტმა ამის შეცვლა შეძლო,“ - განაცხადა ვენსმა.
ვენსმა აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია ახლა სამი ლიდერის შეხვედრის დროის განსაზღვრაზე მუშაობს. ტრამპი და პუტინი პარასკევს, აშშ-ის ალასკის შტატში დაგეგმილ შეხვედრაზე ომის საკითხს განიხილავენ.
კითხვაზე, უნდა შეხვდეს თუ არა პუტინი ზელენსკის ტრამპთან შეხვედრამდე, ვენსმა უპასუხა, რომ ეს „პროდუქტიული“ არ იქნება.
„ვფიქრობ, რომ, ძირითადად, აშშ-ის პრეზიდენტი უნდა იყოს ის პირი, ვინც ამ ორ მხარეს ერთად შეკრებს,“ - განაცხადა მან.
პუტინმა ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ამისთვის აუცილებელი პირობები უნდა შეიქმნას. NBC News-მა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრმა სახლმა შესაძლოა უკრაინის ლიდერი ალასკაზე მიიწვიოს.
დრონებით თავდასხმები გრძელდება
ამასობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ტულის ოლქზე განხორციელებული დრონით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა მოსკოვსა და სხვა რეგიონებსაც ისახავდა მიზნად.
ტულის გუბერნატორმა, დმიტრი მილიაევმა Telegram-ის საშუალებით განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ტულის ოლქზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირა ღამით, სამი საათის განმავლობაში, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა 27 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 11 - ტულის ოლქში, ერთი - მოსკოვის ოლქში, დანარჩენი კი რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში მდებარე ოთხ ოლქში.