ვანის „მფრინავი თევზები“ ათასობით ადამიანს მიგრაციის სანახაობის საყურებლად იზიდავს
ᲙᲣᲚᲢᲣᲠᲐ
4 წუთი კითხვისთვის
ვანის „მფრინავი თევზები“ ათასობით ადამიანს მიგრაციის სანახაობის საყურებლად იზიდავსვანის „მფრინავი თევზები“ ათასობით ადამიანს მიგრაციის სანახაობის საყურებლად იზიდავს
/ AA
4 საათის წინ

ყოველ გაზაფხულზე, ვანში, ვანის კეფალის სულისშემკვრელი ბუნებრივი მიგრაციის დროს, იშვიათი სანახაობა იშლება.

ყოველ გაზაფხულზე, აღმოსავლეთ ანატოლიაში, თოვლის ნადნობი წყლებით საზრდოები ნაკადულები ცოცხლდება მოვერცხლისფრო ელვარებით – თევზებით, რომლებიც ინსტინქტითა და შეუპოვრობით ცისკენ მიფრინავენ.

ეს ლეგენდა არ არის, ეს ვანის კეფალის ყოველწლიური მიგრაციაა; ეს არის თევზის შეუპოვრობით სავსე ამბავი, რომელიც თავისი სახეობის შესანარჩუნებლად დინების საწინააღმდეგოდ და ჩანჩქერებზე მიცურავს.

ვანის კეფალი, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ ვანის ტბაში ბინადრობს, ბუნების იშვიათი საოცრების მთავარი გმირია. აპრილის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე, ეს თევზები მლაშე, სოდიან ტბაში ჩამდინარე ცივ, მტკნარ წყლებში, დინების საწინააღმდეგოდ, დაახლოებით 24 კილომეტრს გადიან ერთადერთი მიზნით: ქვირითის დასადებად.

მას შემდეგ, რაც ქვირითს ნაკადულებში დადებენ, თევზები, რომლებიც თოლიების მსგავს მტაცებლებს გადაურჩებიან, ვანის ტბაში ბრუნდებიან, რათა იქ გაატარონ წლის დანარჩენი ნაწილი. და ამ მოგზაურობას ისინი მომავალ წელსაც იმეორებენ.

ყოველი ნახტომით მათ გადააქვთ რეგიონის კულტურული მეხსიერება, ეკოლოგიური იდენტობა და ეკონომიკური საარსებო წყარო.

ამ იშვიათი ბუნებრივი საოცრების აღსანიშნავად, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ერჯიშის „ბალიქ ბენდის“ (თევზის კაშხლის) ბუნებრივ პარკში, ერჯიშის გამგეობის ორგანიზებით, ვანის კეფალის მიგრაციისადმი მიძღვნილი მე-12 საერთაშორისო კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება თურქეთის ყველა კუთხიდან და უცხოეთიდან მრავალ ვიზიტორს უმასპინძლებს და მათ საშუალებას მისცემს, იხილონ ეს ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ბევრი უკვე „ანატოლიის მფრინავ თევზს“ უწოდებს.

თევზი, რომელიც რეგიონს განსაზღვრავს

მიუხედავად იმისა, რომ მას „კეფალს“ უწოდებენ, ვანის კეფალი სინამდვილეში კობრისებრთა ოჯახს მიეკუთვნება და მისი უნიკალურობა მისი საცხოვრებელი გარემოთი იწყება: ვანის ტბა, მსოფლიოში უდიდესი სოდიანი ტბა, რომელიც ძლიერ ტუტე, მლაშე და გამრავლებისთვის არახელსაყრელია. თუმცა, ვანის კეფალი აქ გადარჩენას ახერხებს; ის ტბის ერთადერთი თევზის სახეობაა.

ვანის პარლამენტის წევრი, ქაიჰან თურქმენოღლუ ამბობს: „ვანის კეფალი მხოლოდ სახეობა არ არის, ის ვანის სულია.“ „ეს თევზი განასახიერებს იმ წონასწორობას, რომელიც თაობების განმავლობაში ბუნებასთან დავამყარეთ. მისი დაცვა ნიშნავს ვანის ტბის, ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის დაცვას,“ - დასძენს იგი TRT World-თან ინტერვიუში.

თურქმენოღლუ აღნიშნავს, რომ ვანი ცივილიზაციებისა და ბიომრავალფეროვნების გზაჯვარედინია და რომ „ურარტუს მეფეები და ოსმალო ვაჭრები ოდესღაც იმავე წყლების პირას იდგნენ, სადაც ეს თევზები ხტოდნენ.“

„ჩვენს რეგიონში დაახლოებით 30 ათასი ადამიანი ვანის კეფალის მდგრადი და პატივისცემით სავსე თევზჭერით ირჩენს თავს,“ - დასძენს იგი. „ეს თევზი ჯანსაღი, ცილებით მდიდარი და ეკონომიკურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ბევრად მეტია, ვიდრე საკვები წყარო. ეს ვანის მემკვიდრეობაა.“

თურქმენოღლუს მოწოდება ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისადმი: „ვანი გეძახით; თავისი ტბით, ციხესიმაგრეებით, კუნძულებითა და ხალხით. მობრძანდით და შეესწარით სიცოცხლის ამ სასწაულს. რადგან ვანი მხოლოდ ქალაქი არ არის. ის ცხოვრების წესია.“

ბუნებისა და კულტურის შეხვედრა

ვანის კეფალის მიგრაციის კულტურისა და ხელოვნების ფესტივალი ბიოლოგიისა და ზეიმის შერწყმაა. ერჯიშში, რომელიც ვანის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, შეკრებილი ხალხი ოვაციებით ხვდება, ფოტოებს უღებს და აღფრთოვანებით ადევნებს თვალს, თუ როგორ ხტუნავენ ჰაერში რკალისებურად ვანის კეფალები.

თევზების გრავიტაციის საწინააღმდეგო აკრობატული მოძრაობების გარდა, ფესტივალზე ვიზიტორებს სასიამოვნო წუთებს შესთავაზებენ ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი კერძები და ტრადიციული ხალხური მუსიკა.

წლევანდელ ფესტივალზე ასევე გაიმართება ადგილობრივი და ეროვნული მასშტაბით ცნობილი ხელოვანების კონცერტები, აღმოსავლეთ ანატოლიისთვის დამახასიათებელი ხალხური ცეკვები, საუკუნეების განმავლობაში არსებული საბრძოლო სპორტის სახეობა – ცხენზე ამხედრებულთა თამაში „ქოქ ბორუ“ და ფოტოკონკურსი, რომელიც ფრენისას თევზების გამძლეობას ასახავს.

გასულ წელს ფესტივალს 100 ათასზე მეტი ვიზიტორი ესწრებოდა, წელს კი მოლოდინი კიდევ უფრო მაღალია.

„თითქოს თერაპიასავით იყო“

სტამბოლიდან მეგობრებთან ერთად ჩამოსული აიშეგულ გელმიში, რომელმაც ღონისძიების შესახებ გაიგო, მაყურებლებს შორისაა.

„უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო ჩამოვედით,“ - ეუბნება ის TRT World-ს.

„და გულწრფელად რომ ვთქვა, მოვიხიბლე. ხედავთ, როგორ ისვრიან თავს თევზები წინ და ზემოთ, ისევ და ისევ, და თოლიები თავს დატრიალებენ და ზოგიერთს იტაცებენ. ეს არის მოძრავი ბუნება; პირველყოფილი და დაბალანსებული.“

ის აღწერს, რომ სცენა თითქმის კინემატოგრაფიულად, მაგრამ ამავე დროს უცნაურად სულიერად იგრძნობოდა.

„უცნაური წესრიგია. თოლიები უბრალოდ თევზების გროვაში კი არ ეშვებიან; ისინი არჩევენ, ბრუნდებიან, იცდიან. თითქოს რიტმია. და ამის ყურება... გამშვიდებს. თითქოს თერაპიასავით იყო. სრულიად ჩავერთე, უბრალოდ ვუყურებდი. ამან დამაფიქრა ციკლებზე, მიზანზე. ვიფიქრე, რომ ბრძოლაშიც კია სილამაზე და ჰარმონია.“

გელმიშისთვის ამ სანახაობამ უფრო ღრმა ფიქრი გამოიწვია.

„შემახსენა, რომ ყველაფერს თავისი ადგილი, თავისი მომენტი აქვს. ზოგი თევზი აქ კვდება, ზოგი ბრუნდება. მაგრამ სიცოცხლე გრძელდება. ყველაზე მეტად ამან იმოქმედა ჩემზე. ბრძოლის მიღმა ხედავ სისტემას. წონასწორობას. სასწაულს.“

ვანის კეფალის მიგრაცია შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი ჩუმი სასწაული იყოს, მაგრამ მას ძლიერი გზავნილი აქვს. მაშინ, როცა კლიმატის ცვლილება, დაბინძურება და გადაჭარბებული თევზჭერა მსოფლიო ეკოსისტემებს ემუქრება, ვანის „მფრინავი თევზი“ გვახსენებს სიცოცხლის იმ მყიფე ბალანსს, რომელსაც ხშირად უგულებელვყოფთ.

წელს, ერჯიშის მდინარის ნაპირებზე, მუსიკისა და ბაზრობის დახლებს შორის, ვანის კეფალი კიდევ ერთხელ იხტუნებს, როგორც ამას თაობების განმავლობაში აკეთებდა. და ვანიდან და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ადამიანები კვლავ აღფრთოვანებით უყურებენ.

აღმოაჩინეთ
კარნი ტრამპთან კრიტიკული მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩადის
ევროკავშირში სირიელთა თავშესაფრის მოთხოვნებმა ათწლეულის ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია
უკრაინის დრონების თავდასხმამ რუსეთში საჰაერო მიმოსვლა შეაფერხა
ტრამპის ახალი ელჩი: თურქეთ-აშშ-ის ალიანსი დამსახურებულ დონეზე უნდა ამაღლდეს
საფრანგეთი სირიის პრეზიდენტ ალ-შარას უმასპინძლებს
რუმინელი მარჩელ ჩოლაკუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება ვერ შედგება, TikTok-ისთვის დაწესებულ ვადას გაახანგრძლივებს
ინდოეთმა ქაშმირის კაშხლებზე „წყალსაცავების გამორეცხვა“ დაიწყო
პაკისტანმა ინდოეთთან დაძაბულობის ფონზე მე-2 სარაკეტო გამოცდით სამხედრო ძალის დემონსტრირება მოახდინა
პერუში ოქროს მაღაროდან გატაცებული 13 მუშა გარდაცვლილი იპოვეს
ტრამპმა გრენლანდიის ხელში ჩასაგდებად სამხედრო ინტერვენცია არ გამორიცხა
ისრაელის კაბინეტმა ღაზაში თავდასხმების გაფართოება დაამტკიცა
Microsoft-მა 22-წლიანი ისტორიის მქონე Skype-ის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
ირანის უმაღლესი დიპლომატი ინდოეთთან დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პაკისტანს ეწვია
ჩინეთი ღიაა აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ტარიფების გაუქმებას დაჟინებით მოითხოვს
ეწვიეთ TRT Global-ს. გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება!
Contact us