აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას მსხვილი სატელევიზიო ქსელები მიკერძოებულ მაუწყებლობაში დაადანაშაულა და მიანიშნა, რომ მათ სამაუწყებლო ლიცენზიები უნდა ჩამოერთვათ.
ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ მაუწყებლები ABC და NBC მისი პრეზიდენტობის შესახებ აბსოლუტური უმრავლესობით ნეგატიურ სიახლეებს ავრცელებენ.
«მიუხედავად ძალიან მაღალი პოპულარობისა და იმისა, რომ ბევრის აზრით, ეს საპრეზიდენტო ისტორიაში საუკეთესო 8 თვე იყო, ისტორიაში ყველაზე ცუდი და მიკერძოებული ორი ქსელი, ABC და NBC ყალბი ამბები, ჩემ შესახებ 97%-ით ნეგატიურ ინფორმაციას ავრცელებს», - დაწერა მან.
ტრამპი კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ ეს ორგანიზაციები „დემოკრატიული პარტიის ფილიალივით“ მოქმედებენ და კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ (FCC) მათ ლიცენზიები უნდა გაუუქმოს.
«მე ამას სრულად დავუჭერდი მხარს, რადგან ისინი ძალიან მიკერძოებულები არიან, სიცრუეს ავრცელებენ და რეალურ საფრთხეს უქმნიან ჩვენს დემოკრატიას!!!» - დაამატა მან.
ტრამპი ხშირად აკრიტიკებს მეინსტრიმულ მედიასაშუალებებს და იმ ინფორმაციას, რომელსაც თავისი ადმინისტრაციის შესახებ „ყალბ ამბებად“ მოიხსენიებს.